სახალხო დამცველი გეგუთის ციხეში ნაცემი, გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას საქმის გარემოებებს სწავლობს. არნიშნულზე ომბუდსმენმა განცხადება გაავრცელა.

“საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარეობს მსჯავრდებულ ლ.კ.-ს გარდაცვალების გარემოებების შესწავლა.

2013 წლის 16 მაისს გეგუთის #14 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის რწმუნებულები, რომლებიც გაესაუბრნენ მსჯავრდებულებს და სამედიცინო პერსონალს, ასევე დაათვალიერეს დაწესებულების ტრავმების ჟურნალი, სადაც მითითებულია, რომ ლ.კ. სამედიცინო ნაწილში გადმოიყვანეს დაწესებულების მე-6 კორპუსიდან 2013 წლის 12 მაისს, 22.50 სთ-ზე. მას აღენიშნებოდა „თვალბუდის და შუბლის არეში დაჟეჟილობა სისხლდენის გარეშე. (…) ცნობიერება დაბინდული, კითხვებზე არ რეაგირებდა. სავარაუდო დიაგნოზი – თავის ტრავმა.“ მედპერსონალის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მსჯავრდებულს ადგილზე აღმოეჩინა პირველადი დახმარება, გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ლ.კ. გადაიყვანა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში.

სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და მთავარ პროკურატურას და მოითხოვა დეტალური ინფორმაცია მომხდარი ინციდენტისა და მიმდინარე გამოძიების თაობაზე, კერძოდ, რა გარემოებებში და ვისი თანდასწრებით მოხდა ინციდენტი, არის თუ არა დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირის/პირების მიერ, რა კითხვები დაისვა გამოძიების მიერ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წინაშე.

როგორც გეგუთის #14 დაწესებულებიდან, ისე ზ.ცხაკაიას სახ. ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან საქართველოს სახალხო დამცველმა 2013 წლის 24 მაისს გამოითხოვა ლ.კ.-ს სამედიცინო დოკუმენტაციისა და ჩანაწერების ასლები. სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან კი, ასევე 2013 წლის 24 მაისს გამოთხოვილ იქნა ვიდეოკამერების ჩანაწერების ასლები, რომლებიც ასახავს ლ.კ.-ს გადაადგილებას #14 დაწესებულების ტერიტორიაზე, დაწესებულებაში შესვლიდან მის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე.”- აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

პატიმარი რამდენიმე დღე ქუთაისში, დიაგნოსტიკურ ცენტრში უგონო მდგომარეობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული სამინისტროს ინფორმაციით, ის პატიმრებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს დაშავდა.

ამავე თემაზე:

გეგუთის ციხეში ნაცემი პატიმარი გარდაიცვალა

ნაცემი პატიმრის ოჯახი ინციდენტის შესახებ სიმართლის დადგენას ითხოვს

სასჯელაღსრულების სამინისტრო – პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

კომენტარები