გეგუთის ციხეში ნაცემი, გარდაცვლილი, ლევან კორტავას ოჯახის წევრები სახელმწიფო სამედიცინო ექსპერტიზას არ ენდობა და დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

გარდაცვლილი პატიმრის მამიდის, ხათუნა კორტავას განცხადებით, გარდაცვლილს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება, რასაც პატიმრებს შორის მომხდარ ჩხუბის დროს ვერ მიიღებდა.

ოჯახი ვარაუდობს, რომ პატიმარი ციხის ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა სცემეს და აწამეს.

“დასახიჩრებული და ნაწამები აქვს სხეული. ერთი ხელის დარტყმით, წაქცევით და თავის დარტყმით ვერ მიიღეებდა. აწამებდნენ როგორც ჩანს და ასე მოკლეს”– აცხადებს TSpress – თან საუბრისას ხათუნა კორტავა.

ის ციხის ადმინისტრაციისა და პატიმრის ცემაში მონაწილე ყევლა პირის დასჯას ითხოვს.

მისი თქმით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, სოზარ სუბარის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები პატიმრის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიის შესახებ კიდევ უფრო მეტ ეჭვს ბადებს.

სუბარის თავდაპირველი განცხადებით, პატიმარი ციხეში კიბეებზე ჩამოვარდა, რის შემდეგეც მძიმედ დაშავდა, მეორე განცხადებით, კი კორტავა პატიმრებს შორის მომხდარ ჩხუბის დროს დაშავდა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და ზუსტი ინფორმაცია მისი დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

გამოძიების ობიექტურად ჩატარების მიზნით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საქმის გამოძიებას მთავარ პროკურატურას თხოვს.

“იმისათვის რათა, გამოძიება იყოს ობიექტური, აუცილებლად მიგვაჩნია იგი აწარმოოს არა ამავე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა საგამოძიებო დეპარტამენტმა, არამედ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ’– აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით კი, პატიმრის გარდაცვალების საქმის გარემოებებს ომბუდსმენის აპარატი სწავლობს.

18 წლის ლევან კორტავა, ფოთის პოლიციამ 2007 წელს, შობის ღამეს, ნასვამ მდგომარეობაში, პოლიციელებთან შელაპარაკებისა და დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავა, რისთვისაც სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2008 წელს, ხონის ციხეში პატიმრების გაქცევის ორგანიზატორობის გამო, ბრალი დაუმძიმდა. ოჯახის ინფორმაციით, პროკურატურამ დაკავებულს თანამშრომლობა და ბრალის აღიარება მოთხოვა. პატიმარმა ბრალი არ აღიარა, თუმცა მას 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ამავე თემაზე:

საია პატიმრის გარდაცვალების ფაქტის დროულად გამოძიებას მთავარ პროკურატურას თხოვს

ომბუდსმენი პატიმრის გარდაცვალების საქმის გარემოებებს სწავლობს

გეგუთის ციხეში ნაცემი პატიმარი გარდაიცვალა

ნაცემი პატიმრის ოჯახი ინციდენტის შესახებ სიმართლის დადგენას ითხოვს

სასჯელაღსრულების სამინისტრო – პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

კომენტარები