ზუგდიდში დღეს სამეგრელოს მარწყვის ფესტივალი გაიმართა.

ღონისძიებაზე მარწყვი და მარწყვისგან გაკეთებული სხვადასხვა პროდუქტი იყიდებოდა.

მოქალაქეებს მარწყვის ჟელეების, ნამცხვრების, ტორტების, წვენების, მარწყვისა და არაჟნის სუფლეების, შოკოლადიანი მარწყვისა და სხვადასხვა ნაწარმის დაგემოვნება და ყიდვა შეეძლოთ.

მარწყვის თემაზე ნახატების გამოფენაც მოეწყო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელის პავლე მგელაძის თქმით, სამინისტრო ყველა იმ ადამიანს დაეხმარება, რომელსაც სასათბურე მეურნეობის გაკეთებისა და მეურნეობის წარმოების სურვილი გაუჩნდება.

ღონისძიება USAID-ის ახალი ეკონომიკური ინიციატივა NEO-სა და ხილკენკროვან კულტურათა განვითარების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

როგორც ღონისძიების დაწყებისას ორგანიზატორებმა განაცხადეს, პირველი ყოველწლიური მარწყვის ფესტივალი მარწყვის მყიდველებსა და გამყიდველებს შორის შეხვედრის ადგილი გახდება.

ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორისა და ხილკენკროვან კულტურათა განვითარების ასოციაციის წარმომადგენლის, ნანა ფიფიას განმარტებით, მისი მიზანია ხილკენკროვან კულტურათა განვითარების ხელშეწყობა და მსგავსი ფესტივალების ჩატარების ტრადიციად ქცევა.

USAID-ის მისიის ხელმძღვანელის სტივენ ჰეიკინის თქმით, იგი მოხარულია რათა USAID-ს კიდევ ერთი საშუალება მიეცა საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, მმართველობის გაუმჯობესებასა და რეგიონის სტაბილურობას დაუჭიროს მხარი.

კომენტარები