გარდაცვლილის მამიდა ხათუნა კორტავა სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას არ ენდობა და არც მათ დასკვნას არც გაცნობია.

მისი თქმით, გარდაცვლილს სხეულზე წამების კვალი აღენიშნება. მოტეხილი აქვს კისერი, ხერხემალი, ხელი, დაზიანებული აქვს ფრჩხილები, დაზიანებები აღენიშნება წვივებზე.

„დამოუკიდებელი ექსპერტიზის მოთხოვნით მივმართეთ სახალხო დამცველს, რომელმაც თანხმობა გამოთქვა და უზრუნველყოფენ, თუმცა როდის ჩვენთვის უცნობია”– აცხადებს გარდაცვლილის მამიდა.

ოჯახის განცხადებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, სოზარ სუბარის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები პატიმრის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიის შესახებ, კიდევ უფრო მეტ ეჭვს ბადებს.

სუბარის თავდაპირველი განცხადებით, პატიმარი ციხეში კიბეებზე ჩამოვარდა, რის შემდეგეც მძიმედ დაშავდა, მეორე განცხადებით კი კორტავა პატიმრებს შორის მომხდარ ჩხუბის დროს დაშავდა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და ზუსტი ინფორმაცია მისი დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, კახა კოჟორიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, საია მომხდარის გამოძიების პროცესში ოჯახს იურიდიულ დახმარებას გაუწევს.

ინციდენტიდან რამდენიმე დღეში, საიამ საქმის გამოძიებას მთავარ პროკურატურას თხოვს.

“იმისათვის, რათა გამოძიება იყოს ობიექტური, აუცილებლად მიგვაჩნია იგი აწარმოოს არა ამავე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა საგამოძიებო დეპარტამენტმა, არამედ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ”– აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით კი, პატიმრის გარდაცვალების საქმის გარემოებებს ომბუდსმენის აპარატი სწავლობს.

18 წლის ლევან კორტავა, ფოთის პოლიციამ 2007 წელს, შობის ღამეს, ნასვამ მდგომარეობაში, პოლიციელებთან შელაპარაკებისა და დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავა, რისთვისაც სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2008 წელს, ხონის ციხეში პატიმრების გაქცევის ორგანიზატორობის გამო, ბრალი დაუმძიმდა. ოჯახის ინფორმაციით, პროკურატურამ დაკავებულს თანამშრომლობა და ბრალის აღიარება მოთხოვა. პატიმარმა ბრალი არ აღიარა, თუმცა მას 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მიმდინარე წლის 14 მაისს, ის უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს კლინიკაში, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

სასჯელარსრულების სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვალების წინასწარი დიაგნოზია: ქალა-ტვინის და ქალა-სახის დახურული ტრავმა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. ზუსტი დიაგნოზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე:

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი დამოუკიდებელ ექსპერტიზას ითხოვს

საია პატიმრის გარდაცვალების ფაქტის დროულად გამოძიებას მთავარ პროკურატურას თხოვს

ომბუდსმენი პატიმრის გარდაცვალების საქმის გარემოებებს სწავლობს

გეგუთის ციხეში ნაცემი პატიმარი გარდაიცვალა

ნაცემი პატიმრის ოჯახი ინციდენტის შესახებ სიმართლის დადგენას ითხოვს

სასჯელაღსრულების სამინისტრო – პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

კომენტარები