სახალხო დამცველობის ყოფილი კინდიდატის, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 17 მაისის მოვლენების შეფასებისას ტენდენციური იყო.

ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველობამდე, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი იყო და ის, რომ მისი წინამორბედი სახალხო დამცველების საანგარიშო მოხსენებებში არ აღნიშნულა სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დარღვევის არც ერთი ფაქტი, არასოდეს გამხდარა ნანუაშვილის მხრიდან მსჯელობის საგანი.

„ამ მოვლენებთან დაკავშირებით 4 ადამიანი დააკავეს და გაასამართლეს. სახალხო დამცველმა არასაკმარისად მიიჩნია გატარებული ღონისძიებების ერთობლიობა და განაცხადა, რომ სისხლის სამართლის წესითაც უნდა დაისაჯონ პირები და მათ შორის სასულიერო პირებთან დაკავშირებით მან მეტად მწვავე განცხადება გააკეთა, რაშიც ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველი ტენდენციური იყო და სრულად არ გამოხატავდა საზოგადოების ინტერესს.

თუკი სახალხო დამცველი მოწოდებულია ერთი მხრივ დაიცვას უმცირესობის გამოხატვის თავისუფლება, მეორე მხრივ, მან საზოგადოების უმრავლესობის კანონიერ ინტერესებთან დაკავშირებითაც თუნდაც ერთფრაზიანი განცხადება მაინც უნდა გააკეთოს,“ – აცხადებს ლორთქიფანიძე.

მისივე თქმით, არსებობს სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო სამართლებრივი აქტი, რომელშიც აღნიშნულია მშობლების უფლება – აღზარდონ შვილები ზნეობრივ გარემოში, რის შესახებაც სახალხო დამცველის აპარატი და უჩა ნანუაშვილი არანაირ განცხადებას არ აკეთებს.

„მრავალათასიან მანიფესტაციაზეა საუბარი, რომლის შემადგენლობის დაახლოებით 0,1 პროცენტმა შემდგომ ფიზიკური აგრესია გამოავლინა. ვფიქრობ, სამართლიანობა ითხოვს, რომ სახალხო დამცველმა გააკეთოს განცხადება, ჰქონდა თუ არა საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება თავსმოხვეული უზნეობის პროპაგანდა აერიდებინა,“ – განუცხადა ლორთქიფანიძემ TSpress-ს.

კომენტარები