რომან ალასანიას განცხადებით, შესაბამისი რეაგირებისა და საქმის გამოძიების მოთხოვნით, მან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატ ეკა ბესელიას, დაახლოებით 10-ჯერ შეხვდა, თუმცა უშედეგოდ.

“ძალიან უკმაყოფილო ვარ. თუ რაიმე ზომები არ მიიღეს, კარს ავუჭედავ ბესელიას და ფოთის მერსაც,”- ამბობს TSpress – თან საუბრისას გარდაცვლილის მამა.

ავტოავარიის დროს, მოპედს მისი შვილის მეგობარი ჰამლეტ ჭანტურია მართავდა, რომლის უკან მჯდომი გიგა ალასანია მსუბუქ ავტომანქანასთან შეჯახებისას მიღებული მძიმე ტრავმებით გარდაიცვალა, ხოლო მოპედის მძღოლი ჰამლეტ ჭანტურია მსუბუქად დაშავდა.

დაღუპულის მამა ავტოავარიას მოპედის მძღოლის მიერ უსაფრთხოების წესების დაუცველობას აბრალებს. მისი ინფორმაციით, მოპედი გადაკეთებული სპიდომეტრით, სპეციალური ჩაფხუტისა და უსაფრთხოების დამცავი სხვა ნორმების გარეშე, მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.

“ჩემი მოთხოვნის მიუხედავად, არც ექსპერტიზა ჩატარებულა, არც მიმდებარე ობიექტებზე სათვალთავლო კამერების ჩანაწერები ამოუღიათ. პოლიცია არაფერზე რეაგირებს,”- ამბობს ის.

გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ მოპედის მძღოლი გავლენიანი ოჯახის შვილია, რის გამოც გამოძიება ფერხდება. ის ფოთის სამშობიარო სახლის დირექტორის ჰამლეტ ჭანტურიას შვილიშვილია. ცნობისათვის: ჰამლეტ ჭანტურია ეკა ბესელიას მხარდამჭერთა დარბაზის წევრია.

ჭანტურია მომხდარში შვილიშვილის ბრალეულობას გამორიცხავს. მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნა და საქმის მასალები არ უნახავს, მაგრამ მომხდარში მსუბუქი ავტომანაქანის მძღოლს, რომან წულაიას ადანაშაულებს.

მისი თქმით, გამოძიებამ წულაიას ბრალეულობა დაადგინა, თუმცა, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული ამნისტირებულია, ის პასუხისგებაში არ მიუციათ.

ჭანტურია ბესელიასთან ახლო ურთიერთობას ადასტურებს და TSpress-თან საუბარში აღნიშნავს, რომ მისი თხოვნით, ბესელიას მხარდასაჭერ შეხვედრებსაც ესწრება.

“იმდენი სიკეთე გამიკეთა ამის არდანახვა არ შეიძლება? მინისტრი ჩამომიყვანა ფოთის სამშობიარო საავადმყოფოში და 2 ახალი აპარატურა გვაჩუქეს”- აღნიშნავს ჭანტურია.

ჭანტურიასთვის ცნობილია, რომ გარდაცვლილის მამამ ეკა ბესელიას მიმართა, თუმცა ამბობს, რომ ამ საკითხზე ბესელიასთან საუბარი არ ქონია.

ავტოავარიაში მონაწილე მსუბუქი ავტომანაქანის მძღოლი, რომა წულაია ამ ფატქზე კომენტარს არ აკეთებს. მისი განცხადებით, მას პატრულმა მაშინ საგზაო წესების დარღვევაში დასდო ბრალი.

გარდაცვლილის მამის თქმით, შესაძლოა, წულაიას მხრიდან ადგილი ქონდა მოძრაობის წესების დარღვევას, მაგრამ ეს არ გამხდარა ავარიისა და მისი შვილის გარდაცვალების მიზეზი.

მისი თქმით, მიდებარე ტერიტორიაზე მდებარე აფთიაქის სამეთვალყურეო კამერის მიერ დაფიქსირებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ სწრაფად მოძრაობს მოპედი აღმაშენებლის ქუჩაზე, მისი პერპენდიკულარული დუმბაძის ქუჩიდან კი მანქანა გამოდის და გზას უთმობს აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრავ რამდენიმე მანქანას.

“კადრში ჩანს, რომ წულაია მოპედამდე რამდენიმე მანქანას ატარებს, სწრაფად მომავალი მოპედის გავლისას კი ხდება შეტაკება”- აღნიშნავს გარდაცვლილის მამა.

მას არ მოეპოვება ავტოსაგზაო შემთხვევიდან უფრო ახლომდებარე ბანკის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, ვინაიდან მას გამოძიებამ არც ერთი მასალა არ მიაწოდა, უფრო მეტიც, ოჯახი ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

დაიწყო თუ არა გამოძიება აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, TSpress – მა ოფიციალური წერილით შსს სამხარეოსა და ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსებს, ჯერ კიდევ გასული წლის 18 ოქტომბერს წერილობით მიმართა, თუმცა, პასუხი არ მიუღია.

შსს ფოთის სამმართველოდან მიღებულ პასუხში კი განმარტებულია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის გამოძიება საპატრულო პოლიციის კომპეტენციაა და მათთან საქმის გამოძიება არ დაწყებულა.

სამეგრელო ზემო-სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსის, შალვა შენგელიას განცხადებით კი, აღნიშნულ ავტოავარიაზე გამოძიება დასრულებულია, თუმცა ვისი ბრალეულობა დადგინდა, ამ და სხვა დეტალებზე განმარტება არ გააკეთა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე 2012 წლის 15 ივნისს მოხდა. სწრაფი სიჩქარით მოძრავი მოპედი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. გარდაცვლილის მამის თქმით, როგორც თვითმხილველებისგან იცის, შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან დაახლოებით 20 წთ-ში მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და ისიც მხოლოდ მოპედის მძღოლი გადაიყვანეს, რომელსაც შედარებით ნაკლები დაზიანებები ქონდა.

გიგა ალასანია კი, მოქალაქეებმა მსუბუქი ავტომანქანით მიიყვანეს საავადმყოფოში, რომელიც მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

მსგავს თემაზე:

ფოთი თუ “დურაკოვო”?

კომენტარები