სამი მედიაგამოცემის რედაქტორის მაია მეცხვარიშვილის (netgazeti.ge) , დავით მჭედლიძის (media.ge) და ირაკლი მანაგაძის (epn.ge) მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპების შესაძლო დარღვევაზე ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის განცხადება ქარტიის საბჭომ განსახილველად მიიღო.

“2013 წლის 25- 26 აპრილს ნეტგაზეთმა, Media.ge – მ და ექსპრესნიუსმა გაავრცელეს გადაუმოწმებელი ინფორმაცია და არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდსა და მე- 9 არხს შორის გაფორმებული ხელშეკრულების არსს, ევროინტეგრაციის საკითხებზე 10 ტელედისკუსიის ორგანიზებისთვის.

ცნობისთვის: ტელეკომპანია მე- 9 არხმა მონაწილეობა მიიღო ფონდის მიერ 2013 წლის მარტში გამართულ ტენდერში (სატენდერო თანხა 17, 000 ლარი), რომლის მიზანი იყო ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება ტელევიზიების თოქ-შოუების მეშვეობით. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იყვნენ შემდეგი მედიასაშუალებები: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „იმედი“, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, სტუდია „მაესტრო“ და ტელეკომპანია „მეცხრე არხი“.

ტენდერის შედეგად, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ტელეკომპანია მე- 9 არხს გაუფორმა სერვის კონტრაქტი, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს 10 ტელეგადაცემის მომზადება თოქ- შოუების „მთავარი კითხვა“ და „დიდი დრო“ ფარგლებში. შესაბამისად ტელეკომპანია მე- 9 არხს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისგან საგრანტო დაფინანსება არ მიუღია”- აღნიშნულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის განცხადებაში.

ფონდს მიაჩნია, რომ გამოცემის წარმომადგენლებმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები დაარღვიეს, რომლის თანახმად:

1. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფრომაცია

3. ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.

5. მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს მიაჩნია, რომ ნეტგაზეთმა ასევე დაარღვია შემდეგი დებულებები:

4. ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს.

11. ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

* ფაქტის განზრახ დამახინჯება;

* ნებისმიერ სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ

* პლაგიატი

netgazeti – ის, expressnews – ისა და media.ge-ს რედაქტორებსა და ავტორებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ტელეკომპანია “მეცხრე არხმაც” უჩივლა.

კომენტარები