ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დაცვისათვის“ ხელმძღვანელი ნონა უბილავა და “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი მურმან მალაზონია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის გადაყენებასა და მათი ფინანსური პოლიციის მიერ შემოწმებას მოითხოვენ.

„მივმართავ ფინანსურ პოლიციას შეამოწმოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის საქმიანობაა, ყველა მინისტრის მიერ დახარჯული თანხები. ასევე, მივმართავ ირმა ნადირაშვილს, რომ გაარკვიოს ნეპოტიზმის ფაქტები აფხაზეთის ხელისუფლებაში. ამ ადამიანებმა არ დატოვეს ოჯახში არცერთი ახლობელი, რომელიც არ დაასაქმეს. გაბერეს შტატები და სახელმწიფო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდნენ,“ – აღნიშნა ნონა უბილავამ, დღეს, ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ამ დღეებში, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს გადაყენების მოთხოვნით, 70 ათასი ხელმოწერის შეგროვება დაიწყება.

„ისინი 20 წელია დეპუტატები არიან, არცერთ სახელმწიფოში არ არის პრეცენდეტი, რომ ოცი წელი ადამიანი იყოს დეპუტატი. ამ დროის განმავლობაში, ისინი არცერთხელ არ დაინტერესებულან დევნილების ცხოვრებით. ადამიანები თავს იწვავენ, პირს იკერავენ, შიმშილობენ, მაგრამ მათთან არცერთი ამ ადამიანთაგანი არ მისულა,“ – განაცხადა ნონა უბილავამ. მისი განცხადებით, აფხაზეთის ხელისუფლება ათობით ათას ლარს არამიზნობრივად ხარჯავს, რომელიც უნდა მოხმარდეს დევნილების პრობლემების მოგვარებას.

“სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელის, მურმან მალაზონიას თქმით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი 16 მილიონი ლარია, რომელიც ამ ადამიანების პრემიებს, მივლინებებს და მოვლა-პატრონობას ხმარდება.

„მოვითხოვ, მათ ხალხს ჩააბარონ ანგარიში, თუ როგორ ნაწილდება ბიუჯეტი, სად, რომელ მივლინებაში რამდენი ლარი იხარჯება. თუ დევნილებს დაეხმარებიან, ისიც გვითხრან. მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადონ საქმიანობა,“ – აღნიშნა მალაზონიამ.

კომენტარები