ბიზნესმენი იოსებ მგელაძე ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს სასამართლოში უჩივის და პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო მის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. იოსებ მგელაძემ თამაზ ნიჟარაძის განცხადებებს დღეს “ინტერპრესნიუსის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე უპასუხა. მგელაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“მინდა გამოვეხმაურო თამაზ ნიჟარაძის ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებებს ჩემი პიროვნების მიმართ. დღეს დილით მე გავაუქმე ყველა ჩემი დაგეგმილი შეხვედრა საზღვარგარეთ, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ვითანამშრომლო გამოძიებასთან და დავიცვა ჩემი საქმიანი რეპუტაცია და პირადი ღირსება. დღესვე ვამზადებ სარჩელს თამაზ ნიჟარაძის წინააღმდეგ ჩემი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო და მოვითხოვ ცრუ ინფორმაციის საჯარო უარყოფას, ბოდიშის მოხდას და შესაბამისი ზიანის კომპენსაციას.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან, იმედი მაქვს სამართლიანი სასამართლოსი, რომელიც არ წამოეგება ამ იაფფასიან სპექტაკლს მისი მხრიდან, რომელიც, ჩემი პირადი მოსაზრებით, თვითონვე დაგეგმა და შეასრულა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეექმნა საზოგადოებრივი აზრი ჩვენს შორის არსებულ სასამართლოზე ზეწოლისთვის. იმედი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უპრობლემოდ დაამტკიცებს მის კავშირს ამ იაფფასიან სპექტაკლთან.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ თამაზ ნიჟარაძე არის ასლან აბაშიძის დროინდელი კორუმპირებული პროკურორი, უაღრესად უარყოფითი რეპუტაციის მქონე ადამიანი ბიზნეს წრეებში. მისი თაღლითური დაჯგუფებიდან რამდენიმე პიროვნება ორიოდე წლის წინ მის მიერ განხორციელებულ უკანონო კონტრაბანდულ საქმიანობასთან დაკავშირებით იყო დაკავებული, რომელსაც არაერთი ჟურნალისტური გამოძიება მიეძღვნა.

გაცნობებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდა ნუკრი ნიჟარაძე, თამაზ ნიჟარაძის ძმა და მისი თხოვნით შევხვდით ერთმანეთს სასტუმრო “რედისონში”. აღნიშნულ შეხვედრაზე აშკარად პროვოკაციულად გაჟღერდა აზრი, თითქოს მე მათ ვემუქრებოდი. მე პირდაპირ ვუპასუხე, რომ ეს იყო პროვოკაცია ჩემი საუბრის ჩაწერის მიზნით. მიუხედავად მისი მცდელობის, რომ ჩემი მხრიდან მუქარა გაჟღერებულიყო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავს მუქარას ადგილი არ ჰქონია. ამ შეხვედრით უკმაყოფილო თამაზ ნიჟარაძე მეორე დღესვე დამიკავშირდა ტელეფონის მეშვეობით და ცდილობდა ჩემს პროვოცირებას მუქარის მიღების მიზნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვითხოვ ჩატარდეს სრული, მიუკერძოებელი და სამართლიანი გამოძიება, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა გადამოწმდეს ყოველი ზარი, რომელიც ჩვენს შორის არის განხორციელებული ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, სასტუმრო “რედისონის” სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული იქნას ვიდეო ჩანაწერები, ხოლო საქმის გამოძიებისას მიღებული ნებისმიერი აუდიო ან/და ვიდეო მასალა გამოკვლეული და გამოქვეყნებული იქნეს მონტაჟისა და ცვლილებების გარეშე, უწვეტი სახით”, – აღნიშნა იოსებ მგელაძემ.

ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძე მისი მეუღლის, ავტომანქანის დაწვას დავით კეზერაშვილის პირად ანგარიშსწორებად მიიჩნევს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას თამაზ ნიჟარაძემ განაცხადა დაახლოებით 10 დღის წინ დავით კეზერაშვილი შვილის ფიზიკური განადგურებით დაემუქრა და მუქარები დავით კეზერაშვილმა მეგობრის, სოსო მგელაძის სახელით შეუთვალა.

კომენტარები