ზუგდიდში, უფასო სასადილოთი მოსარგებლე 23 პირი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული არ არის, 20 ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კი სახელმწიფოს მიერ დაწესებულზე მაღალი სარეიტინგო ქულითაა შეფასებული. გარდა ამისა, სასადილოთი ვერ სარგებლობენ უსახლკაროები და პირადობის მოწმობის არმქონე პირები. ამის შესახებ ინფრომაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.

სასადილოთი სარგებლობის უპირატესობა კი, დადგენილი წესით, 57 ათასზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე მარტოხელა, მარჩენალდაკარგულ და მრავალშვილიან ოჯახებს გააჩნიათ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელი სამეგრელოში მალხაზ ჭკადუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონკრეტულ მექანიზმების შემუშავების რეკომენდაციით მიმართავს, რათა დეტალურად გაწერილი მეთოდოლოგიით, სოციალური დახმარების რეალური საჭიროების მქონე ნებისმიერ ადამიანს მიეცეს ამ სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა.

„სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის“ წარმომადგენელს ნუგზარ გაბელიას მიაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს სასადილოთი მოსარგებლეთა შერჩევის კრიტერიუმი, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ვინმესთვის უფასო სასადილოთი სარგებლობის აკრძალვის მიზეზი და სამართლიანობის პრინციპი უნდა იყოს დაცული. კონკრეტულ კრიტერიუმებზე ოგანიზაციები ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსს, გოგი რევიას უფასო სასადილოთი მოსარგებლე ადამიანების შეცვლა მუდმივად ცვალებადი ქულების მიხედვით, არასწორად მიაჩნია.

„აღნიშნული 23 ადამიანისთვის, რომელიც აქ სასადილოს გახსნის დღიდან დადის, ამის შეწყვეტა, ჩვენი მხრიდან არაჰუმანური იქნებოდა. დანარჩენი 20 ადამიანის ქულები კი სისტემატურად იცვლება, პირობები – არა. რაც შეეხება, კრიტერიუმების შეცვლას, ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შევთანხმდი, რომ ამ საკითხზე ერთობლივად ვიმუშავოთ,“ – განაცხადა გოგი რევიამ TSpress_თან საუბრისას.

უფასო სასადილო 2005 წელს სასულიერო პირთა ინიციატივით გაიხსნა და თავდაპირველად 70 ადამიანს ემსახურებოდა. დღეისათვის, სასადილოთი 200 ადამიანი სარგებლობს, რისთვისაც ზუგდიდის ბიუჯეტიდან 90 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ მონაცემების თანახმად, ერთი ბენეფიციარის გამოკვება სახელმწიფოს წლის განმავლობაში 450 ლარი უჯდება.

სულ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 11 568 სოციალურად დაუცველია რეგისტრირებული, რაც მოსახლოების 7%-ს წარმოადგენს.

კომენტარები