ფოთში, მიკროავტობუსის მძღოლებმა ალტერნატიული ავტოსადგურის მშენებლობა გაფიცვით გააპროტესტეს. ისინი ახალი ავტოსადგურის მშენებლობის ლობირებაში საკრებულოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს ადანაშაულებენ. საკრებულოში კი განმარტავენ, რომ საკითხის შესწავლა დაწყებულია. გაფიცულებს მხარს პროფკავშირები უჭერენ.

დღეს ფოთიდან სხვა ქალაქების მიმართულებით არცერთი რეისი არ შესრულებულა.

გაფიცულების განმარტებით, ისეთი პატარა ქალაქისთვის, როგორიც ფოთია, ახალი ავტოსადგურის აშენება, მათ უმუშევრობას გამოიწვევს. მათი თქმით, მათთან მოსულები იყვნენ კერძო პირები, რომლებმაც ახალი ავტოსადგურის მშენებლობის ნებართვის შესახებ დოკუმენტაცია წარმოადგინეს. როგორც მძღოლები ამბობენ, ახალ მეპატრონეს ახალი მიკრავტობუსები ჩამოყავთ.

“ამდენი მოსახლეობა არ არის და ორი ავტოსადგური რაში გვჭირდება?! შეუკვეთეს ახალი “მარშუტკებიც”, რომ გაიგეს გავიფიცეთ, სენაკში გააჩერეს”– აცხადებს მძღოლი ალეკო გოგებაშვილი.

ახალი ავტოსადგურის მშენებლის ვინაობას გაფიცულები ვერ ასახელებენ. მათ არც საკრებულოს მიერ გაცემული ნებართვა წარმოუდგენიათ.

საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუა მძღოლების პრეტენზიას უარყოფს და მას უსაფუძვლოს უწოდებს, რადგან მისი თქმით, ლიცენზიის გაცემა საკრებულოს კომპეტენციაში არ შედის, შესაბამისად, ის ვერანაირ დოკუმენტს ვერ გასცემდა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს საკრებულო შეისწავლის.

“საკითხს შევისწავლით თუ უკანონობას ექნება ადგილი, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ”–განმარტავს ბაბილუა.

საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე გოჩა დოლბაია მძღოლების პროტესტის საფუძველს “ჭორებს” უწოდებს. მისი თქმით, საკითხს უკვე ინფრასტუქტურული კომისია სწავლობს.

მისი თქმით, ტერიტორია, სადაც ავტოსადგური უნდა მოეწყოს კერძო საკუთრეება, თუმცა მფლობელის ვინაობა მისთვის უცნობია. დოლბაიას თქმით, ავტოსადგურის მოწყობაზე ნებართვას შესაბამისი სამინისტროები გასცემენ.

“მესაკუთრის გადასაწყვეტია რა სახის ობიექტს ააშენებს. თუ სამინისტროსგან შესაბამისი ნებართვები მიიღო, ობიექტის მშენებლობას მას ვერავინ აუკრზალავს”- განმარატვს დოლბაია.

კომენტარები