საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე–4 თავის 46-ე მუხლის მე–8 პუნქტის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში, უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. კანონმდებლობაში პასუხისმგებლობა მკაფიოდ განმარტებული არ არის.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის ლელა ტალიურის განმარტებით, ამა თუ იმ პარტიის პლაკატზე, რომელიც გაკრულია კანონით ნებადართულ ადგილებში, პასუხისმგებლობა პარტიას ეკისრება, მანვე უნდა უზრუნველყოს მისი ჩამოხსნა.

ექსპერტის საარჩევნო საკითხებში, ნინა ხატისკაცის განმარტებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, თუ სააგიტაციო მასალები დაწესებულ ვადაში არ მოიხსნა, რაიმე სახის კონკრეტულ ჯარიმას არ ითვალისწინებს. თუმცა ამავე კოდექსის 150 – ე მუხლის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება ისჯება ჯარიმით 50 ლარის ოდენობით. მისივე განმარტებით, კონკრეტულად პარტია ვერ დაჯარიმდება, ვინაიდან პლაკატის გამკვრელი შესაძლოა ნებისმიერი პირი აღმოჩნდეს, ამ შემთხვევაში, მომჩივანმა უნდა გამოიძიოს კონკრეტული პიროვნება, ვისი დაჯარიმებაც მოხდება.

“შეიძლება ითქვას, რომ თან არის პასუხისმგებლობა კანონში და თან არ არის,”–აღნიშნავს ხატისკაცი.

“ქართული ოცნების” პარტიის თავჯდომარის, ირაკლი კაკულიას თქმით, პლაკატების ჩამოხსნა ახალგაზრდებს დაავალა, თუმცა, მისისვე თქმით, შესაძლოა ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩა ჩამოუხსნელი პლაკატები.

“რაღაც როცა კეთდება, იქ ხარვეზი ყველგან არის. ეს არ არის საგანგაშო და მოგვარებადია.”–აღნიშნავს კაკულია აღნიშნული საკითხის კომენტირებისას.

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლაშა კუპრეიშვილმა TSpress-ის ზარებს არ უპასუხა.

კომენტარები