TSpress-ი ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს მთავარი პროკურატურა „გურამ შარაძის საზოგადოებას“ აცნობებს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორი ვალერიან იოსავა შეხვდა ხსენებულ პირს, რომელმაც მიაწოდა გარკვეული ინფორმაცია და გამოთქვა ვარაუდები გურამ შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით.

ამჟამად, საგამოძიებო უწყების მიერ, მიმდინარეობს ხსენებული პირის მიერ დასახელებული ფაქტებისა და ვარაუდების შესწავლა, რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ დღეს პროკურატურა უყურადღებობაში დაადანაშაულა.

მიმართვაში, რომელიც მან პროკურატურის „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ ზუგდიდის პროკურატურაში პიროვნება მივიდა, რომელმაც გურამ შარაძის მკვლელობის ერთ-ერთი შემკვეთის და შემსრულებლების გვარები დაასახელა და პროკურორისგან ოფიციალური დაკითხვა მოითხოვა.

„გამარჯობა, ქალბატონო ხათუნა! სამი დღის წინ მობილურზეც და ფეისბუკის პირად ფოსტაშიც მოგწერეთ, მაგრამ თქვენგან არათუ პასუხი, სიცოცხლის ნიშანწყალიც კი არ ისმის,“ – მიმართავს შარაძე პროკურატურის პრესსამსახურის უფროს ხათუნა პაიჭაძეს.

როგორც თვითონ პაიჭაძემ TSpress-ს განუცხადა, მას რუსუდან შარაძისგან არანაირი შეტყობინება არ მისვლია.

მისივე თქმით, ამას არც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან „თავის დროზე“, მან რუსუდან შარაძის კითხვებს უკვე უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს, თბილისის ცენტრში მოკლეს. მისი მკვლელობისთვის სასჯელს გიორგი ბარათელი იხდის, რომელიც ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მან მკვლელობა საკუთარ თავზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის დაკვეთითა და პროკურატურის ზეწოლის შემდეგ აიღო.

ბარათელის დაცვის მხარის განცხადებით, ერთ-ერთი, ვინც მსჯავრდებულზე ზეწოლას ახორციელებდა, ვანო მერაბიშვილის ამჟამინდელი ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი იყო, რომელიც მაშინ გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე პროკურორად მუშაობდა.

კომენტარები