ავღანეთში 2009 წლიდან დღემდე 29 ქართველი სამხედრო დაიღუპა. ყველაზე დიდი მსხვერპლი ქართულ არმიას გუშინ, 6 ივნისს ჰქონდა. ჰელმანდის პროვინციაში განხორციელებული ტერაქტის შედეგად 7 ქართველი სამხედრო დაიღუპა. გარდა ამისა, დაჭრილია 9 სამხედრო მოსამსახურე.

მიმდინარე წელს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში სულ 10 ქართველი სამხედრო გარდაიცვალა. მათგან სამი 13 მაისს ტერაქტის შედეგად დაიღუპა.

ალექსანდრე კვიჭინაძე, ზვიად დავითაძე და ვლადიმერ შანავა თავდასხმებს 13 მაისს შეეწირნენ, ხოლო თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, რიგითი გიორგი გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ცულოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი და გიორგი ღუჭაშვილი თავდასხმების შედეგად გუშინ გარდაიცვალნენ.

ჰელმანდის პროვინციაში პირველი მსხვერპლი 31–ე ბატალიონის ასეულის მეთაური უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი იყო. იგი 2010 წლის 5 სექტემბერს დაიღუპა.

2010 წლის 30 სექტემბერს ნაღმზე აფეთქდნენ პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და 31–ე ბატალიონის კაპრალი ნუგზარ კალანდაძე.

2011 წლის 22 თებერვალს ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქდა 32–ე ბატალიონის კაპრალი გიორგი ავალიანი, ხოლო 14 მარტს ნაღმზე აფეთქებით გარდაიცვალა ასევე 32–ე ბატალიონის კაპრალი ვერსკიანი ვალერი.

2011 წლის 27 მაისს ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქდა 33–ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე, ხოლო 20 ივნისსს თალიბანის თავდასხმის დროს გარდაიცვალა 33–ე ბატალიონის რიგითი გია გოგუაძე. 31 აგვისტოს თალიბანის თავდასხმის დროს 33–ე ბატალიონსი უმცროსი სერჟანტი რეზო ბერიძე დაიღუპა. 31 დეკემბერს კი კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი გარდაიცვალა.

2012 წლის 6 იანვარს თალიბანის თავდასხმის დროს 31–ე ბატალიონის კაპრალი შალვა ფაილოძე დაიღუპა. 21 თებერვალს საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად კაპრალი ბერაია ვალიკო, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა დაიღუპნენ. 23 აპრილს კიდევ ერთი ქართველი სამხედრო სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე დაიღუპა. 28 ივლისს კი მიღებული ჭრილობების შედეგად კაპრალი გივი ფანცულაია გარდაიცვალა. 11 ოქტომბერს საცეცხლე ჯგუფის მეთაური მინდია აბაშიძე დაიღუპა. 19 დეკემბერს კი სერჟანტი გიორგი კიკვაძე.

ავღანეთში მიმდინარე უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფები 2009 წლის ნოემბრიდან მონაწილეობენ. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ასეულის ზომის ქვედანაყოფი 10-ჯერ გაზარდა. 2012 წლის სექტემბრიდან, კი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოს წვლილი გაორმაგდა და ამ დროისთვის ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში 1600-მდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველო მისიაში მონაწილეობას განაგრძობს და ავღანეთიდან ქართული კონტიგენტის გამოსვლა მხოლოდ 2014 წლიდან, ქვეყანაში სამშვიდობო მისიის დასრულების შემდეგ დაიწყება.

კომენტარები