სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი შს მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს სოფელ სამთაწყაროში პარასკევის ლოცვის ჩატარების დროს გაატაროს სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები, რათა არ დაუშვას მოსახლეობას შორის დაპირისპირება და რელიგიური შუღლი.

ომბუდსმენის განცხადებით, წარმომადგენლები ადგილზე დააკვირდებიან განვითარებულ მოვლენებს.

“ომბუდსმენის აპარატი მის ხელთ არსებული საშუალებებით დაიცავს ყველა კონფესიის მიმდევართა კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას: “ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება”. რელიგიის თავისუფლება იცავს ინდივიდის უფლებას, იცხოვროს, იმოქმედოს და თავისი საქმიანობა წარმართოს რელიგიის წეს-ჩვეულებათა და საკუთარი შინაგანი რწმენის შესაბამისად. (საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი)”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, აჭარის რეგიონიდან ჩასახლებული ეკომიგრანტი ქართველი მუსლიმები სოფელ სამთაწყაროში 1978 წლიდან ცხოვრობენ. ისინი თავიანთ რელიგიურ რიტუალებს წლების მანძილზე ასრულებდნენ და პრობლემა არ შექმნიათ, თუმცა, არ ჰქონდათ სამლოცველო.

“ადგილობრივი მუსლიმები პატივს სცემენ უმრავლესობის რელიგიურ შეხედულებებს და არ ითხოვენ მეჩეთის მშენებლობას. მიმდინარე წელს “სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ” სოფელ სამთაწყაროში მუსლიმთა სამლოცველოსათვის შეიძინა სახლი, რომელსაც არ გააჩნია მეჩეთისათვის დამახასიათებელი ნიშნები (შენობის მდებარეობა სამხრეთით, მინარეთი, გუმბათი, მიკროფონები და ა.შ). ეს სახლი იქნებოდა მათი სამლოცველო კუთხე, სადაც პარასკეობით ლოცვას აღავლენენ. მოსახლეობა სწორედ ამ სახლის შეძენამ დააპირისპირა. სოფლის მართლმადიდებელი მოსახლეობა ეწინააღმდეგება მუსლიმთა მხრიდან რელიგიის თავისუფლებით სარგებლობას. მიმდინარე წლის მაისიდან მოყოლებული, სამთაწყაროში მცხოვრებ მართლმადიდებელ და მუსლიმ ქართველებს შორის დაპირისპირება უკვე რამდენჯერმე მოხდა.

სახელმწიფო დეკლარირებულად აღიარებს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს – მათ შორის რელიგიის თავისუფლებას. რელიგიის ან მრწამსის გამოვლენის თავისუფლება კი არა მხოლოდ ინდივიდუალური უფლება, ის შეიძლება განხორციელდეს კოლექტიურადაც.

რელიგიის თავისუფლების ეფექტური რეალიზაცია არ შემოიფარგლება სახელმწიფოს მხრიდან ამ უფლებით სარგებლობაში ჩაურევლობის ვალდებულებით. სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს რელიგიის თავისუფლებით ეფექტური სარგებლობა. აღნიშნული ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირებისთვის, რომლებიც რელიგიურ უმცირესობებს წარმოადგენენ. პოზიტიური ვალდებულება მოითხოვს სახელმწიფო ორგანოების მიერ ყველა აუცილებელი ზომის გატარებას, რათა უფლების დარღვევა ან ასეთი დარღვევის საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული და უმოქმედობითა და სამართლებრივად არაადეკვატური რეაგირებით არ მოხდეს შეუწყნარებლობისა და ძალადობის წახალისება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები