სასჯელაღსრულების გლდანის მე-8 საპყრობილის სამკურნალო დაწესებულებაში მყოფმა პატიმარმა, მამუკა ბულუხიამ შიმშილობა განაახლა.

პატიმრის დედის ლია ბულუხიას განცხადებით, 20-დღიანი ვადა, რომელიც მის შვილს ციხის სამკურნალო დაწესებულების დირექტორმა სთხოვა, გავიდა. თუმცა, დაპირება, რომ მამუკა ბულუხიას მოთხოვნებს რეაგირება მოჰყვებოდა, არ შესრულებულა. მისი საქმის გადახედვის პროცესის გაჭიანურების გამო პატიმარმა შიმშილობა დღეს განაახლა.

ლია ბულუხია მთავრობას და ყველა შესაბამის ორგანოს მისი შვილის დახმარებას სთხოვს. ამ მიზნით, ის პარასკევს ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ აქციის გამართვას გეგმავს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ირაკლი კორძაია პატიმრის მიერ შიმშილობის განახლების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მამუკა ბულუხიას იგივე მოთხოვნები აქვს, რაც წინა 22-დღიანი შიმშილობისას. კერძოდ, პატიმარი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებასა და საქმის გადახედვას ითხოვდა.

კორძაია აცხადებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ გადავიდა. ამასთან, მისივე თქმით, სამინისტრომ, თავის მხრივ, მამუკა ბულუხიას საქმე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეწყალების მიზნით გადაუგზავნა.

თუმცა, პატიმრის დედას, ლია ბულუხიას პრეზიდენტის შეწყალების იმედი არ აქვს, რადგან მიაჩნია, რომ სწორედ არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებას ეწირება მისი შვილი.

შეგახსენებთ, რომ პატიმარმა 22 დღიანი შიმშილობა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტა. პატიმართან შეხვედრისას მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უზენაესი სასამართლო ბულუხიას სარჩელს დააკმაყოფილებდა. სხვა შემთხვევაში კი, 12-კაციანი სასამართლო კომისია, რომლის შექმნაც იგეგმება, პატიმრის საქმეს აუცილებლად განიხილავდა.

ლია ბულუხიას განცხადებით, მინისტრი მის შვილს საქმის გადახედვას დაპირდა.

TSpress-ი ინფორმაციის მისაღებად იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოში არ იმყოფება და აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ზეგ, მისი დაბრუნების შემდეგ გააკეთებენ.

როგორც TSpress-ს უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, მამუკა ბულუხიას სარჩელი მოსამართლემ განიხილა. თუმცა, ამ დრომდე გადაწყვეტილება ოფიციალურად მიღებული არაა.

ბულუხიას ადვოკატის, ზაზა მესხის განცხადებით, მას სასამართლოს მიერ მიღებული რაიმე დოკუმენტი ჯერ არ უნახავს, რადგან მოსამართლეს მისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია.

ამასთან, ბულუხია აღნიშნავს, რომ მისი შვილის საქმეზე პროკურორი ისევ ის პიროვნებაა, რომელიც თავის დროზე ბრალდების მხარეს წარმოადგენდა.

ადვოკატის ინფორმაციით, პატიმრის მოთხოვნა დაკმაყოფილებული არაა. თუმცა, 361-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალი, რომლის გამოც ბულუხიას დაპატიმრებამდე 1 წელი პირობითი სასჯელი ჰქონდა, მოეხსნა. ამასტან პატიმარი მძიმედაა დაავადებული.

ადვოკატის განცხადებით, მამუკა ბულუხია და მისი ოჯახი სასჯელის გადავადებას ითხოვს. მათ შესაბამის უწყებაში ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნაზე განცხადება აქვთ შეტანილი. ექსპერტიზა დაადგენს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რითაც სასჯელის გადავადება გამოძიების დასრულებამდე შესაძლებელი გახდება.

ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ არსებობს კიდევ ერთი გზა – საპროცესო შეთანხმება.

„213-ე მუხლის მიხედვით, მთავარ პროკურორს უფლება აქვს ამ შემთხვევაში, საპროცესო გარიგებაზე დათანხმდეს,“ – აღნიშნავს ადვოკატი.

40 წლის მამუკა ბულუხია სამართალდამცავებმა დაახლოებით 2 წლის წინ ნარკოტიკების შეძენა- შენახვის ბრალდებთ დააკავეს, მოგვიანებით კი საქმე სასამართლო გადაწყვეტილების არშესრულების გამო, დაუმძიმეს და 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საქმის დამძიმების გარემოება, დაკავებამდე არსებული პირობითი მსჯავრი და მანქანის მართვის უფლების 3 წლით ჩამორთმევა იყო.

ბულუხია დანაშაულს არ აღიარებდა. როგორც სხვადსხვა უწყებებში გაგზავნილ წერილში წერს, პოლიციამ ნარკოტიკები ჩაუდო. მისი განმარტებით, ის ისე გაასამართლეს, რომ პოლციას „ფაქტის” ამოღების არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდა, არც მოწმეები, საქმეში არც მისი აღიარებითი ჩვენება დევს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბულუხიასთვის წაყენებული ორივე მუხლი ამნისტირებული გახდა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბულუხიას მანქანის უკანონო მართვის ბრალდება მთლიანად გაუუქმდა, თუმცა ნასამართლეობა დარჩა, რის გამოც პატიმარს ამნისტია არ შეხებია.

მამუკა ბულუხია წინა წლებში ფოთის საფეხბურთო გუნდ „კოლხეთის” ფეხბურთელი იყო.

ამავე თემაზე:

მოშიმშილე პატიმრის მხარდასაჭერი აქცია ფოთში [VIDEO]

მოშიმშილე პატიმრის დედა მინისტრის განცხადებას შიმშილობის შეწყვეტაზე უარყოფს

მოშიმშილე პატიმრის დედა შვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს [VIDEO]

გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი მე-14 დღეა შიმშილობს

თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ პატიმარმა შიმშილობა შეწყვიტა

კომენტარები