საქართველოს უზენაესი სასამართლო 9 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების არჩევასთან დაკავშირებით მედიის მიერ გავრცელებულ კრიტიკულ შეფასებებს ეხმაურება. სასამართლოს განცხადებას TSpress-ი უცვლელად გთავაზობთ:

“ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელდა შეურაცხმყოფელი და ზეწოლის შემცველი განცხადებები მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების შესახებ. ერთ-ერთი ასეთი გახლდათ, 12 ივნისს გაზეთ „ალიაში“ გამოქვეყნებული სტატია „რა დანაშაულებები აქვთ ჩადენილი იუსტიციის საბჭოში არჩეულ მოსამართლეებს“.

სტატია გაჯერებულია, როგორც სამართლებრივი, ასევე ტექნიკური შეცდომებით, თუმცა ამჯერად, ჩვენ მხოლოდ სტატიის მთავარ „მესიჯს“, მთავარ „მიზანს“ ვეხმაურებით.

სტატიის ავტორი ცდილობს, საზოგადოებას არა მარტო არასწორი და უარყოფითი ინფორმაცია მიაწოდოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების შესახებ, არამედ შეურაცხყოს და ზეწოლა მოახდინოს საბჭოს ახლადარჩეულ წევრებზე, რომლებსაც ძალიან მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქმიანობით ხელი შეუწყონ სასამართლო სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას და რეფორმის წარმატებით გაგრძელებას.

სასამართლო ხელისუფლებამ უზრუნველყო მოსამართლეთა კონფერენციის გამჭვირვალედ და საჯაროდ ჩატარება, საბჭოს ახალი წევრები სარგებლობენ მოსამართლეთა კორპუსის უმრავლესობის ნდობით და თუ რიგ პოლიტიკოსებს არ მოსწონთ მოსამართლეთა არჩევანი, ეს ხელს ვერ შეუშლის სასამართლოს გააგრძელოს რეფორმა და კიდევ უფრო მეტად ეფექტური და დამოუკიდებელი გახადოს მართლმსაჯულება.

საბჭოს ახალი წევრების ჯალათებად მოხსენიება, მათ მიერ განხილული საქმეების შესახებ „მოარული ხმების“ დონეზე შეფასება, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაციის მიზნით, ზეწოლა მოახდინონ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ საბჭოს ახალ წევრებზე.

სასამართლო ხელისუფლება მზად არის მოისმინოს და მიიღოს ნებისმიერი კრიტიკული მოსაზრება, გაიზიაროს და დანერგოს სასამართლოს გაძლიერებისკენ მოწოდებული ნებისმიერი წინადადება, ამას მოწმობს კიდეც სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრები, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ფართო ფორმატის თანამშრომლობა, თუმცა, შეურაცხმყოფელ და ზეწოლის შემცველ განცხადებებს სასამართლოს მხრიდან ყოველთვის ექნება ადეკვატური შეფასება,” – ნათქვამია უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე:

ლია მუხაშავრია – ძალიან ცუდი ამბავი მოხდა გუშინ და ამაზე პასუხი პარლამენტს უნდა მოეკითხოს

კომენტარები