კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრისა და რეჟისორის ზაზა სვანაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერისა და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას მამა სენაკში სააკაშვილის დროინდელ ე.წ ზონდერებთან მეგობრობს და მათ მფარველობს.

ამის შესახებ ზაზა სვანაძემ დღეს მედიაკავშირ „ობიექტივის“ სტუდიაში სტუმრობისას განაცხადა.

„მოდის ხმები, ძალიან დამაჯერებელი ადამიანებისგან, რომ ეკა ბესელიას მამა, რომლის სახელიც კი არ ვიცი და რომელიც ცხოვრობს სენაკში მფარველობს და მეგობრობს სააკაშვილის დროინდელ ე.წ ზონდერებთან. იმ სამართალდამცავებთან, რომლებიც სენაკში დაწიოკებებში, დარბევებსა და უკანონო სპეცოპერაციებში არიან შემჩნეულები. იმის მაგივრად რომ ეს ადამიანები დაკითხვაზე დადიოდნენ ან დაკავებულები იყვნენ, ეკა ბესელიას ბავშვობის დროინდელ სახლში ჭიქებს უჭახუნებენ ბატონ ბესელიას და არის სმა–ჭამა,“ – განაცხადა ზაზა სვანაძემ.

აღნიშნული საკითხის გადასამოწმებლად TSpress–ი ზაზა სვანაძეს დაუკავშირდა.

„ამ ინფორმაციის პირველწყარო არის სენაკიდან. შემდეგ მე ეს ინფორმაცია ორ სხვადასხვა წყაროსთან გადავამოწმე და მხოლოდ ამის შემდეგ მივეცი თავს ამისი თქმის უფლება. ეკას მამა იყო და არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და არის იმ ადამიანების მხარეზე ვინც ჩვენ კამერებით გვივარდებოდა სახლებში და უკანონო ქმედებებს ჩადიოდნენ. ჩემი ინფორმაციით ეკა ბესელიას მამასთან პოლიტიკურ ნიადაგზე არ აქვს კარგი ურთიერთობა, თუმცა ამის მიუხედავად ის რომ ეს ადამიანი ეკა ბესელიას მამაა, ბუნებრივად ხდება მისთვის ანგარიშის გაწევა,“ – განაცხადა ზაზა სვანაძემ TSpress–თან.

მისივე თქმით, ეკა ბესელიას მამა ქალაქის დონეზე პოლიტიკურ პროცესებშიც უკანონოდ ერევა. რეკომენდაციებს აძლევს ადამიანებს და ამის გამო „ქართული ოცნების“ წევრებთანაც აქვს ზეწოლები.

„ეკას მამას ყოველდღიურ რეჟიმში აქვს ურთიერთობა ოთხ სამართალდამცვთან. აქედან ორი დღესაც მუშაობს. ერთი ზუგდიდელია ერთი კი სენაკელი. ეკას მამას რაიონში ცნობენ და მისი გადაადგილება ადვილი შესამჩნევია. მის გვერდით მდგომ ადამიანებს ხელს ვერ კიდებენ და ვერც პასუხოს სთხოვენ. იგი ამ ადამიანებს პოლიტიკურადაც „კრიშავს“. ისინი ეკას მამასთან რომ მეგობრობენ ამიტომაც არ აკავებენ,“ – განაცხადა ზაზა სვანაძემ.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ TSpress–სთან საუბრისას განაცხადა, იგი ასეთ სისულელეებს არ პასუხობს და ამგვარ სისულელეებზე კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები