2013 წლის 1 ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 411 939 პირი გაორმაგებულ დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ასევე, მინისტრის ინფორმაციით 1 ივლისიდან საყოველთაო დაზღვევის პაკეტის მოცულობაც იზრდება.

„საყოველთაო პაკეტი ამ დრომდე მოიცავდა სამ კომპონენტს, ეს არის: გეგმიური ამბულატორია, გადაუდებელი ამბულატორია და გადაუდებელი სტაციონარი. 1 ივლისიდან კი ემატება გეგმიური სტაციონალური მომსახურებაც. მართალია ეს ერთი კომპონენტია, მაგრამ თავისი მოცულებით ბევრად აღემატება მთლიან პაკეტს, ანუ რამდენჯერმე გაიზრდება დახმარების მოცულობა”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ასევე, მინისტრის თქმით, 2013 წლის 1 სექტემბრიდან დაგეგმილია 27 450 მარჩენალდაკარგულისა და 1 447 პოლიტრეპრესირებულის მინიმალური ფულადი სოციალური პაკეტის 55-დან 100 ლარამდე გაზრდა.

მისივე თქმით, 2013 წლის 1 სექტემბრიდან პენსიონერებისა და მკვეთრად გამოხატული (პირველი ჯგუფის) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მინიმალური პენსია/ფულადი სოციალური პაკეტი 150 ლარს გაუტოლდება.

გარდა ამისა, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, 1 სექტემბრიდან 8 900 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის და 89 810 მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მინიმალური სოციალური პაკეტი 70-დან 100 ლარამდე გაიზრდება.

კომენტარები