14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. დღევანდელი დღე ზუგდიდში ცენტრალურ ბულვარში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა.

სპეციალურად ამ დღისთვის მოსწავლე–ახალგაზრობის სასახლის პატარა შემსრულებლებმა კონცერტი გამართეს. მათთან ერთად სცენაზე შეზღუდული შესაძლებლობის პირებიც ავიდნენ და რამდენიმე სიმღერა შეასრულეს. აქვე მოეწყო შეჯიბრება ნარდში, მძლეოსნობაში, შაშსა და ჭადრაკში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, საქართველოში სულ 140 ათასამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. მათ შორის, 1000–მდეა ზუგდიდში.

„ძალიან არ მიყვარს სიტყვა „შეზღუდული შესაძლებლობები“. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მათი გონებრივი შესაძლებლობები. არ აქვს მნიშვნელობა სხვა დანარჩენს, თუნდაც ფიზიკურად რა შესაძლებლობები გვაქვს, მთავარია ვაკეთოთ კეთილი საქმე,“ – აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ.

როგორც ინვალიდთა ინტერგრაციისა და ხელოვნების განვითარების ასოციაცია „ჰანგის“ ხელმძღვანელმა და ღონისძიების ერთ–ერთმა ორგანიზატორმა რუსლან საჯაიამ განაცხადა, მსგავსი ტიპის ღონისძიება წელს პირველად იმართება და ამაში დიდი წვლილი გამგეობას მიუძღვის.

„ჩვენ ჩვენი უფლებების დარღვევებზე სასაუბროდ 365 დღე არ გვეყოფა, თუმცა დღეს ისეთი დღეა, ამ თემაზე არ უნდა ვისაუბროთ. მხოლოდ კარგი განწყობა უნდა შევიქმნათ და გავმხიარულდეთ,“ – აღნიშნა რუსლან საჯაიამ.

გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის მერაბ ქვარაიას თქმით, ჩვენ ყველანი გარკვეულწილად უფლის წინაშე შეიძლება შეზღუდულები ვართ, მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ რომ კანონისა და უფლის წინაშე ყველა თანასწორია. უნდა ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, რათა ისინი გარემოსთან იყვნენ ადაპტირებულები.

შეგახსენებთ, რომ 1995 წელს, სწორედ ამ დღეს იქნა მიღებული საქართველოს კანონი ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის“ შესახებ. მისი აღნიშვნის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი შესაძლებლობის წარმოჩენა და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული წარმოდგენების დაძლევა.

კომენტარები