სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებისთვის“ სიხშირის გამოყოფისთვის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს.

ამის შესახებ TSpress–ს საპატრიარქოდან აცნობეს.

„როგორც ცნობილია, 2007 წლიდან ფუნქციონირებს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, რომელიც ძირითადად შემეცნებითი, კულტურული და პატრიოტული გადაცემებით გამოირჩევა. ტელევიზიას დადებული ჰქონდა ხელშეკრულება ტელე-კომპანია „ევრიკასთან“ და ამ ხნის განმავლობაბში ყიდულობდა მათ სიხშირეს.

2013 წლის 1 მაისს ხელშეკრულების ვადა გავიდა და ეს ურთიერთობაც შეწყდა, ამიტომ ჩვენი ტელევიზია იძულებული გახდა ე.წ. საკაბელო მაუწყებლობაზე გადასულიყო, რასაც შეზღუდული გავრცელებისა და მოსახლეობის გაჭირვების გამო მაყურებელთა 40 % ვერ იღებს, არადა ხალხში დიდი სურვილია აღნიშნული არხის ყურებისა.

ჩვენ ვიცით, რომ მარეგულირებელ კომისიას თავისუფალი სიხშირე არა აქვს, მაგრამ თუ არის შესაძლებელი, პარლამენტის დავალებით, აღნიშნულმა კომისიამ რომ გამოყოს დამატებითი სიხშირე, ეს იქნება დიდი დახმარება ჩვენთვისაც და ხალხისთვისაც. გთხოვთ თქვენს შესაძლო თანადგომას,“ – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს კათოლიკოს–პატრიარქი აწერს.

კომენტარები