რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთის ე.წ საზღვართან სოფელი ორსანტიის მკვიდრი იუზი ყურუა დააკავეს.

როგორც TSpress-ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიის რწუმებულმა ბესიკ მორგოშიამ განუცხადა, იუზი ყურუა გუშინ აფხაზეთის ე.წ საზღვართან შეშის შესაგროვებლად მეგობართან ერთად იყო წასული.

„მეგობარი რუს ოკუპანტებს გამოექცა და სწორედ მისი ინფორმაციით, ისინი ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, თუმცა აფხაზეთის ე.წ საზღვართან ახლოს. რუსმა მესაზღვრეებმა კი ისინი საზღვრის გადაკვეთაში დაადანაშაულეს და იუზი ყურუა დააკავეს, ხოლო მისი მეგობარმა შეძლო გამოქცევა,“ – განაცხადა ბესიკ მორგოშიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ამ საკითხზე პასუხისმგებელი ყველა ორგანო ინფორმირებულია.

როგორც TSpress–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტი ნამდვილად მოხდა, თუმცა ამ ეტაპზე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

კომენტარები