საზოგადოების ნაწილი, რომლებმაც 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით, პარლამენტს პეტიცით მიმართეს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას უპასუხისმგებლო განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ შეასრულოს სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციები. TSpress მოქალაქეების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“2013 წლის 17 ივნისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სხდომაზე შემაშფოთებელი განცხადებები გააკეთა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ “კომიტეტის დასკვნა არ სცილდება პატრიარქის მიერ გაკეთებულ შეფასებას”.

საქართველოს პარლამენტარების და მით უფრო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ამგვარი განცხადებები საქართველოს უმაღლეს სასულიერო პირს საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უნივერსალურ უფლებებზე მაღლა აყენებს, რითაც აშკარას ხდის თეოკრატიის რეალურ საფრთხეს ქვეყანაში. ამგვარი უპასუხისმგებლო განცხადებები ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიულ და სეკულარულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.

ასევე, ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სხდომაზე არ იყვნენ მიწვეულნი არც 17 მაისს დაზარალებულნი, არც არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აკვირდებოდნენ პროცესებს, არც მოქალაქეები (12 000-მდე ხელმომწერი), რომელმაც განცხადებით მიმართეს პარლამენტს და ყველა იმ მოძალადისა და ძალადობის წამქეზებლის კანონის შესაბამისად დასჯა მოითხოვეს, ვინც არ მისცა მშვიდობიან მანიფესტანტებს თავისუფლად შეკრებისა და გამოხატვის საშუალება და დაემუქრა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

მეორე მხრივ, სხდომაზე მიწვეულნი იყვნენ მოქალაქეები რატი მაისურაძე და გიორგი გაბედავა, რომლებმაც სცადეს ეჭვქვეშ დაეყენებინათ ხელმოწერები და განაცხადეს, რომ 12 000 ხელმოწერას შორის მათი გვარებიცაა მითითებული, თუმცა მათ განცხადებაზე ხელი არ მოუწერიათ.

საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ პარლამენტში წარდგენილ განცხადებაზე არც გაბედავას და არც მაისურაძის ხელმოწერები არ არის (ამის გადამოწმება ძალიან ადვილად შეუძლია კომიტეტის აპარატს) და სიის ნამდვილობაზე მსჯელობის წამოწყებით კომიტეტი მხოლოდ აჭიანურებს 17 მაისს მოქალაქეთა ერთი ჯგუფის ძალადობაზე ადექვატურ რეაგირებას.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ 17 მაისის ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილეებმა ვერ ისარგებლეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით და გახდნენ რელიგიური ექტრემისტების ძალადობის მსხვერპლნი.

მოვითხოვთ, რომ ეკა ბესელიამ როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას და სეკულარიზმს და მომავალში თავი შეიკავოს საკუთარი პირადი რწმენისა და მოსაზრებების ნიადაგზე პატრიარქის კანონზე მაღლა დაყენებისგან.

ასევე, მოვითხოვთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ შეასრულოს სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციები.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიჩნევთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე არ იცავს ადამიანის უფლებებს, არის მიკერძოებული და ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ

მოვალეობას და მოვითხოვთ მის განთავისუფებას დაკავებული თანამდებობიდან.” – აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე:

ლაშა ბაქრაძე: მთელს მსოფლიოში გროვდება ონლაინ ხელმოწერები და არავინ სვამს მის სანდოობაზე კითხვას

კომენტარები