“ფირზე ასახული ადამიანების ამოცნობა, მათი სახეების დაფარვის მუხედავად, მაინც შესაძლებელი იყო. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია იმით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო ვიდეოკადრებზე ასახული ადამიანების სრული ანონიმურობა და შეიქმნა როგორც მსხვერპლის, ისე მოძალადის იდენტიფიცირების საფრთხე”- აღნიშნულია ჟურნალისტური ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც TSpress უცვლელად გთავაზობთ.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია იმ ფორმებით, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში აღმოჩენილი მასალები დღეს მედიასა და არასამთავრობო სექტორს წარუდგინა.

შეხვედრაზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეეტანათ აპარატურა, რაც თავისთავად არ გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ შეხვედრის რომელიმე დამსწრეს თუნდაც ტელეფონით გადაეღო ეკრანზე ასახული ვიდეომასალები. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამგვარი ალბათობა არ უნდა დაეშვა და მკაცრად უნდა გაკონტროლებულიყო შემსვლელთათვის აპარატურის შეტანა.

შეხვედრაზე მყოფი ჟურნალისტების ნაწილის ინფორმაციით, ფირზე ასახული ადამიანების ამოცნობა, მათი სახეების დაფარვის მუხედავად, მაინც შესაძლებელი იყო. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია იმით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო ვიდეოკადრებზე ასახული ადამიანების სრული ანონიმურობა და შეიქმნა როგორც მსხვერპლის, ისე მოძალადის იდენტიფიცირების საფრთხე.

ამავე დროს ცალკეული პირებისგან, მოქალაქეებისგან, ჟურნალისტებისგან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ საშუალება ჰქონდათ ენახათ აღნიშნული კადრების ნაწილი ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე უწყება მედიას ოფიციალურად მიიპატიჟებდა. ქარტიისთვის გაუგებარია, სად და როგორ შეძლეს ამ ადამიანებმა ვიდეომასალების ნახვა და სთხოვს სამართალდამცველებს, არ დაუშვან მსგავსი პრეცედენტები.

ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომ არ მოხდეს ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელება და როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების განადგურების, ისე სამეგრელოში აღმოჩენილი მასალების შესწავლის პროცესი წარმართოს მაქსიმალური საჯაროობით, მაგრამ ამავე დროს მასზე ასახული ადამიანების კონფიდენციალობის სრული დაცვით და მაღალი სამოქალაქო შეგნებით.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ასევე მიმართავს მედიის წარმომადგენლებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ უკანონოდ მოპოვებული ფარული ვიდეოჩანაწერების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, გამოიჩინონ თუნდაც სახელმწიფო სტრუქტურებზე მეტი კეთილგონიერება და დაიცვან მასზე ასახული ადამიანების, როგორც მსხვერპლის, ისე მოძალადის ანონიმურობა”- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები