პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, მისი პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის შესახებ უცხოურ გამოცემასთან გაკეთებულ კომენტარზე განმარტება გააკეთა:

“საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში იქნება აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია და მთავრობას აღარ დასჭირდება ჩემი დახმარება. უფრო საჭირო და საჭირბოროტო იქნება საზოგადოების განვითარება, და ჩემი გადასვლა საზოგადოებაში მოახერხებს იმას, რომ გაჩნდეს საწყისი მუხტი, რასაც ქვია სამოქალაქო საზოგადოება, და რომელმაც უნდა განსაზღვროს ქვეყნის სტრატეგია და განვითარება.

აი, იქ ვიქნები მე თავდაუზოგავი და იქ ვიმოღვაწევებ, სანამ საჭირო ვიქნები და რასაც შევძლებ. ჩემი წასვლა ნიშნავს, რომ იოლი ადგილიდან გადავიდე უფრო რთულზე, იმ შემთხვევაში გადავალ მე, როცა აქ დავალაგებ…

ჩემი საზოგადოების საუკეთესო ნაწილს დავტოვებ მთავრობაში და მხოლოდ ამის შემდეგ გადავალ და ვიქნები საზოგადოების აქტიური წევრი. საზოგადოებასთან ერთად შევეცდები, რომ მალე, ძალიან მალე ჩვენ მივიღოთ ევროპული ტიპის საზოგადოება. იქნება ოდნავი განცდა მაინც არასტაბილურობის, ან იქნება შეკითხვა საზოგადოების მხრიდან ან გუნდის მხრიდან შეიძლება რამე გამოიწვიოს, რა თქმა უნდა არსადაც არ წავალ.

ახლა როგორ წარნოგიდგენიათ, მე თავი გადავდე, მოვედი პოლიტიკაში, პირდაპირი მნიშვნელობით თავი გავწირე , საფრთხე იყო ჩემი განადგურების და თქვენ ძალიან კარგად იცით სად მოვედი და როგორ მოვედი. და თქვენ როგორ ფიქრობთ, დალაგებულ საზოგადოებას დავტოვებ და სადმე გავიქცევი? ან ვინმეს მივცემ დასანგრევად? არავის არ მივცემ და დესტაბილიზაციის უფლებასაც არავის მივცემ.. თუკი გგონიათ, რომ ვფიქრობ გავიიოლო ჩემი ცხოვრება და თავი ავარიდო, ამის ილუზია ტყუილად აქვს ვინმეს” – განაცხადა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ესტონური გამოცემა”Postimees”-სთვის მიცემულ ინტერვიუში პრემიერ მინისტრმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა:

“გადაწყვეტილი მაქვს მალე დავტოვო პოლიტიკა. როგორც კი სააკაშვილი წავა და იქნება ახალი საპრეზიდენტო არჩევნები (2013 წლის ოქტომბერი), მე დავრჩები რამდენიმე დღე. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს. ჩვენგან ძალიან საინტერესო პრეზიდენტი იქნება არჩეული, არის პარლამენტის ძალიან კარგი სპიკერი და ნაწილობრივ მაქვს აზრი, ვინ უნდა დაიკავოს ჩემი ადგილი.

მე არ მინდა – და ეს იქნებოდა საქართველოსთვის ცუდი, რომ მუდმიდად ერთ ადამიანზე კეთდებოდეს არჩევანი. ყველაზე მნიშვნელოვანი ზემოთხსენებული თანამდებობებია და მწამს, რომ ისინი სუფთა და დემოკრატ ადამიანებს ერგებათ. აუცილებელია ასევე დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა (არსებული მოსამართლეები სააკაშვილის მიერ არიან დანიშნულები), ასევე დამოუკიდებელი მასმედია. საჭიროა ახალი სისხლი…”-განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები