სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიასთან“, სადაც დღეს ნატო-საქართველოს ერთობლივი კომისიის სხდომა მიმდინარეობდა, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ აქტივისტების მიერ აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ხუთიოდე მეტრის მოშორებით, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

„თავისუფალი ზონის“ აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ნატოსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. თუმცა, სამართალდამცავებმა, რომლებიც „რედისონთან“ იყვნენ მობილიზებულნი, მათ „ამის საშუალება არ მისცეს“.

მოგვიანებით, ახალგაზრდებმა პოლიციელთა ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა სცადეს, რა დროსაც „თავისუფალი ზონის“ რამდენიმე აქტივისტმა, სხეულის უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო.

განსხვავებული მოთხოვნა ჰქონდათ „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებს. ისინი ავღანეთიდან ქართველი სამხედროების დაუყოვნებლივ გამოყვანას მოითხოვდნენ.

პარტიის გენერალური მდივნის, ალექსანდრე შალამბერიძის განცხადებით, „ნატო ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების გასაღები არაა და ის მათ ვერ დაგვიბრუნებს, რადგან რუსეთი დღეს ძლიერია და რასაც დასავლეთს ეტყვის, ისიც იმას გააკეთებს“.

შალამბერიძე მიიჩნევს, რომ საქართველომ საკუთარი პრობლემები თვითონ უნდა მოაგვაროს. ამისათვის კი, პირველ რიგში, ავღანეთიდან ჩვენი ჯარების გამოყვანა უნდა მოხდეს.

პარტიის ათამდე აქტივისტს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერით – „ქართული ჯარი გამოვიდეს ავღანეთიდან“, „შეჩერდეს ომი ავღანეთში“, „სააკაშვილი #1 ტერორისტია“.

ორი პარალელური აქცია, მუხედავად ურთიერთსაწინააღმდეგო მოწოდებებისა, საბოლოოდ მშვიდობიანად დასრულდა. თუმცა, იყო მცირე ინცინდენტებიც, რაც შელაპარაკებებსა და ხმამაღალ გადაძახილებში გამოიხატებოდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართელოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვია. დელეგაციაში, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ხელმძღვანელობს, ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები არიან. ვიზიტის ფარგლებში დღეს რასმუსენისა და საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა.

კომენტარები