სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით TSpress-ით გასული ინფორმაციის შემდეგ, ზუგდიდის რაიონის სოფელი ახალსოფლის მცხოვრები ორი ბავშვი ისარგებლებს.

17 წლის გოგონა და 8 წლის ბიჭი 1 ივლისიდან 2014 წლის 1 იანვრამდე ზუგდიდში ნინო შამუგიას ოჯახში იცხოვრებენ. მათ სწავლა–განათლებაზე, ჯანმრთელობასა და განვითარებაზე პასუხისმგებელი თავად ნინო შამუგია იქნება და ის ამაში ერთ ბავშვზე გარკვეული ხელფასის სახით თვეში 450 ლარს, საერთო ჯამში 900 ლარს აიღებს.

რატომ არ მიემართება ახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა ბიოლოგიური ოჯახის გასაძლიერებლად და რა საჭიროა ბავშვის მინდობით აღსაზრდელად მიბარება?

ამ საკითხზე TSpress–ს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელმა ეკატერინე სანებლიძემ განუცხადა, მინდობით აღზრდა არის ზრუნვის ალტერნატიული ფორმა.

„სახელმწფიო უზრუნველყოფს ბავშვისთვის უკეთესი პირობების მქონე ოჯახში განთავსებას, რათა მას ნორმალური განვითარების საშუალება მიეცეს. ჩვენ ამის გარდა ბიოლოგიურ ოჯახს ვეხმარებით, რათა შემდგომში გაძლიერდეს და ბავშვის ზრუნვა და მისთვის ნორმალური გარემოს შექმნა თავად შეძლოს. ამის შემდეგ ბავშვი უბრუნდება ოჯახს. ეს არის პროგრამის შინაარსი, ხოლო ეს მიმღები ოჯახი არის ასე ვთქვათ დაქირავებული და ამაში იღებს ხელფასს,“ – აღნიშნა ეკატერინე სანებლიძემ.

ამ საკითხზე სოციალური მომსახურების სააგენტოდან უმცროსი სოციალური მუშაკი ქეთევან სხულუხია მუშაობდა. როგორც მან TSpress–თან საუბრისას განმარტა, ოჯახის მძიმე სოციალურ–ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე ამ ბავშვების მინდობითი აღზრდის პროგრამაში ჩართვა რეგიონულ საბჭოზე გადაწყდა.

„მიმღები ოჯახი და ბავშვები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ და გაიცნეს. რადგან უფროსი გოგონა უკვე 17 წლისაა, შეუძლია შაბათ–კვირას ინახულოს მშობლები. აღნიშნული გადაწყვეტილება ოჯახში ვიზიტების შემდეგ მივიღეთ. ოჯახს მწირი შემოსავალი აქვს, ისინი სოციალური დახმარების თანხას იღებენ. ქალბატონი და მისი უუნარო მეუღლე საპენსიო ასაკისები არ არიან. ოჯახში არის მძიმე ავადმყოფი, რომლის მოვლა ზოგიერთ შემთხვევაში 17 წლის გოგონას უწევს. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ ბავშვისთვის შეგვეწყო ხელი, მას უყვარს სწავლა, ძალიან ნიჭიერი და მიზანდასახულია,“ – აღნიშნა ქეთევან სხულუხიამ.

მისივე თქმით, რაც შეეხება ოჯახის მოძლიერებას, მათი შემოსავალი არ დაიხარჯება ბავშვების კვებაზე, ჯანმრთელობასა და სხვა ნივთებისთვის და მოხმარდება ოჯახს. 226 ლარი სოციალური დახმარება, ბავშვების მიმღებ ოჯახში განთავსების შემდეგ ოჯახს შეუმცირდება.

სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგონის უფროსი სოციალური მუშაკის ლიკა ჟვანიას თქმით, მინდობით აღზრდაში ბავშვი საკუთარ გვარს ინარჩუნებს, აქვს ურთიერთობა ოჯახთან, უბრალოდ დროებით სხვაგან ცხოვრობს. ეს არის კარგი გამოსავალი.

რა გავლენა შეიძლება იქონიოს ბავშვისთვის გარემოს შეცვლამ და რამდენად არის ეს სახელმწიფო პროგრამა უნაკლო, ამასთან დაკავშირებით TSpress–ი ბავშვთა სახლის ყოფილ დირექტორსა და ფსიქოლოგს ქეთევან კობალაძეს ესაუბრა.

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვისთვის გარემოს შეცვლა, რაოდენ ცუდი გარემოდან კარგში გადავიდეს, მაინც ძალიან დიდი ტრამვაა.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში ალბათ ჩაითვალა, იმ რესურსით, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია ოჯახი ვერ გაძლიერდება და გადაწყდა მინდობით აღზრდა. ყველა შემთხვევაში, ეს შესაბამისად სოციალურმა მუშაკმა უნდა შეაფასოს. იყო შემთხვევები, როცა ბიოლოგიურ ოჯახებს აძლევდნენ თანხას, თუმცა არასაიმედო მშობლები არამიზნობრივად და საკუთარი ინტერესებისთვის ხარჯავდნენ ამას. სწორედ ამ ცუდი შემთხვევების გამო შეუწყვიტეს ოჯახებს დახმარება. მინდობით აღზრდაში უფრო მეტად აკონტროლებს სახელმწიფო ბავშვს როგორ ექცევიან, ვიდრე ბიოლოგიურ ოჯახში. თუმცა, თანდათან უნდა გაძლიერდეს სოციალური სამსახური ისე, რომ მათ შეფასებას სახელმწიფო ძალიან ენდობოდეს და ისინი დარწმუნდნენ, რომ ბიოლოგიური ოჯახი ნამდვილად ბავშვებს მოახმარს თანხას. თუმცა, როგორც წესი, ბიოლოგიურ ოჯახს უფრო ნაკლებ თანხას აძლევდნენ. ითვლებოდა რომ ბიოლოგიური ოჯახი მცირედით დამხარებაც დამაკმაყოფილებელი იქნებოდა, რადგან მათ შვილების გაზრდაში წვლილი უნდა მიეღოთ, ხოლო მიმღები ოჯახისთვის ეს არის სამსახური და ამაში უხდიან ხელფასს,“ – განაცხადა ქეთევან კობალაძემ.

მისივე თქმით, ნამდვილად ხარვეზია ამ პროგრამაში და უნდა იყოს გამონაკლისის სახით ამგვარი ოჯახებისთვის რაიმე დახმარება. ხომ არსებობენ ოჯახები, რომლებიც თავის ბიოლოგიურ შვილებს კარგად მოექცევიან, ნამდვილად უნდა იყოს შესაძლებელი, რათა მზრუნველმა დედამ საკუთარი შვილები თავად დაიტოვოს და არ მოუწიოს სიდუხჭირის გამო მინდობით აღსაზრდელად მიბარება.

„650 შემთხვევა მქონდა პირადად მე ამათგან თითზე ჩამოსათვლელი იყო ისეთი ოჯახები, ვისთვისაც ფულის მიცემა შეიძლებოდა. თუმცა ასეთ შემთხვევებში, გამონაკლისი უნდა იყოს ან პროგრამაში მინიშნების სახით უნდა იყოს ჩადებული. სახელმწიფო ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ხელმძღვანელობდეს,“ – აღნიშნა ქეთევან კობალაძემ.

კომენტარები