„თუკი ახლა ბედკუაძის საქმის ხელახალი გადასინჯვა მოხდება, რაც გარკვეულწილად პრემიერ–მინისტრის ინიციატივაცაა, ეს იქნება ბედუკაძის უფლებების დარღვევა, რადგან პირის ორჯერ მსჯავრდება ერთსა და იმავე დანაშაულისთვის აკრძალულია. ამიტომ გამოსავალზე უკვე ზედმეტია ლაპარაკი. ეს არის სამწუხარო ინციდენტი, რომელიც დარჩება შავ ლაქად,“ – აცხადებს „საქართველოს დემოკრატიული ინივიატივის“ გამგეობის წევრი და იურისტი გიორგი მშვენიერაძე.

ასე გამოეხმაურა იგი TSpress–თან საუბრისას მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც იგი ლადო ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გადასინჯვას არ აპირებს.

მისივე თქმით, ამ ტიპის სამართალდარღვევაზე შესაძლებელია მხოლოდ თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

„ფაქტია რომ არჩილ კბილაშვილმა საერთშორისო სტანდარტები უგულებელყო. ჩვენი სამართალი არ შემოიფარგლება მხოლოდ „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“. ის თავის თავში საერთაშორისო ნორმებსაც მოიცავს, რომელსაც საქართველოში პირდაპირი ძალა გააჩნიათ. ამ სტანდარტებით აკრძალულია პირი, რომელიც ბრალდებულია წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლდეს,“ – აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

ამასთან, TSpress–თან საუბრისას ციხის კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე აცხადებს, რომ არჩილ კბილაშვილს კანონი არ დაურღვევია, რადგან კანონში 2011 წლის ივნისში შესული ცვილებების მიხედვით „სისხლის სამართლის საპროცესო“ კოდექსის 218–ე მუხლის მე–8 პუნქტში ამოღებულია სიტყვა „ბრალადებული“ და დარჩენილია მხოლოდ „მსჯავრდებული“, ეს კი მას ამის უფლებას აძლევდა.

კანონში ვკითხულობთ „მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება დაუშვებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144″1″ (წამება), 144″2″ (წამების მუქარა), 144″3″(დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე“.

როგორც ცნობილია ლადო ბედუკაძის ბრალი სწორედ 144–ე პრიმა მუხლებით ჰქონდა წაყენებული.

„როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის მოსამართლე ჩხიკვაძე, რომელიც მე მასამართლებდა შეცდომას დაუშვებდა და თავის თავზე აიღებდა პასუხისმგებლობას რაღაც ნიუანსი გაეშვა?! ვინც ამ თემაზე აპელირებს, არაა სწორი,“ – აცხადებს ბედუკაძე და ვიდეო–ფირების გასაჯაროვებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

„ეს ფირები 2011 წლის სექტემბერში გიორგი ლომიას გადავეცი, თუმცა მეც მქონდა და ამის მიზანი რა თქმა უნდა გასაჯაროვება იყო. ერთი წლით ადრე ვერ გავრცელდებოდა, რადგან მაშინ სხვა პოლიტიკური სიტუაცია და რეალობა იყო და მაშინ რომ გამევრცელებინა მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. ეს ბიძინა ივანიშვილს არცერთ ეტაპზე არ უკავშირდება. ეს იყო ადეიშვილის დაკვეთა და მთლიანი სცენა მის მიერ იყო დაგეგმილი. როცა გაიგეს რომ მე მქონდა ეს ფირები, რაიმე გამართლება ხომ უნდა მოეძებნათ. შედეგად ადეიშვილის ბრძანებით გადაიღეს პატიმრის ცემა საკანში, გაავრცელეს და დამასწრეს მე. ესაა სიმართლე, რომელიც არაერთხელ მითქვამს,“ – აცხადებს ლადო ბედუკაძე.

ლადო ბედუკაძის საპასუხოდ გიორგი მშვენიერაძე განმარტავს, რომ საპროცესო შეთანხმება მტკიცდება მაშინ, როცა პირი მსჯავრდებულია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მას სასჯელი არ ენიშნება.

„მე ვერ წარმომიდგენია ბუნებაში როგორ უნდა მოხდეს სხვაგვარად. მაგალითად მსჯავრდებულისადმი ისეთი საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რის საფუძველზეც სასჯელისგან სრულად გათავისუფლდეს ანუ მას სასჯელი არ დაეკისროს. ეს სხვაგვარად წარმოუდგენელია თუ მას მსჯავრდების ეტაპი არ ექნება გავლილი. სასჯელი ენიშნება მხოლოდ მსჯავრდებულს. ბრალდებულს სასჯელი არ ენიშნება,“ – აცხადებს მშვენიერაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არჩილ კბილაშვილს ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილების გადახედვის თხოვნით მიმართა, რომელსაც დღეს არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას უპასუხა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს. დღესვე მან ის გარემოებები განმარტა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ვიდეომასალების გავრცელებით ბედუკაძემ პრაქტიკულად “შაჰიდის ქამარი” შემოიჭირა.

“მან საკუთარი თავი დაუქვემდებარა 30 წლით პატიმრობას ციხეში, დიდი ალბათობით იმავე მეთოდებით, როგორიც დასკვნაშია აღწერილი. მან კარგად იცოდა, როგორ ისჯებოდნენ ადამიანები, რომლებიც სისტემას აუმხედრდებოდნენ. ეს საფრთხე იყო მისი ოჯახის მიმართაც და ვერ ექნებოდა გათვლები, რომ პროკურორი გახდებოდა არჩილ კბილაშვილი და ის პოლიტიკურ შეღავათებს მიიღებდა. ამასთანავე, ამ ადამიანს არ უვაჭრია ამ ვიდეომასალით, ფული არ გაუკეთებია, არ გამხდარა კომერციული სპეკულაციის საგანი და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, როცა ამ საკითხზე მსჯელობას შევუდექით. ამ არგუმენტების საფუძველზე, ხანგრძლივი განხილვის შედეგად გადაწყდა შეღავათის განსაკუთრებული ზომა მის მიმართ”, – აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

კომენტარები