„გარემოსდაცვით კუთხით ფოთის ინფრასტრუქტურა არ არის შესაბამისად მოწყობილი და განვითარებული.“ – განაცხადა Tspress – თან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის ეკოლოგიის“ ხელმძღვანელმა, პროფესორმა, მანანა ბერიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „კავკასიის ეკოლოგიამ“ ევროკავშირის მხარდამჭერით პროექტ „ცხელი შავი ზღვის“ ფარგლებში ფოთში, შავი ზღვის ეკოსისტემებისა და გარემოსდაცვით მდგომარეობის თემაზე შეხვედრა მოაწყო.

პროექტში 5 ქვეყნის, ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ. პროექტის დასასრულს არასამთავრობოები შეიმუშავებენ ერთობლივ რეკომენდაციებს, რომელსაც სამოქმედო გეგმის სახით ხელისუფლებას გადაუგზავნიან.

ფოთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფოთის პორტისა და მერიის თანამშრომლებმა, ეკოლოგებმა და სპეციალისტებმა მიიღეს.

გარემოს დაბინძურების მთავარ პრობლემად საწარმოების ტექნოლოგიური ნორმების დარღვევით მუშაობა და კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები დასახელდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ნანა მხეიძის განცხადებით, ამ ეტაპზე მთავარი პრობლემა ქალაქში მეთანოლის (ხის სპირტი) ტერმინალის მშენებლობაა, რომელიც ნებართვის არარსებობის მიუხედავად მაინც მიმდინარეობს, თუმცა სამინისტრო მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლება.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მეთანოლი მომწამვლელი ნივთიერებაა და ტერმინალი ყველა ქვეყანაში არასამოსახლო ტერიტორიაზეა აშენებული, მას ფოთში საცხოვრებელი კორპუსების წინ აშენებენ, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

გარემოს დაბინძურების პრობლემად, ფოთის პორტში ტექნოლოგიების დარღვევით მუშაობა, ალუმინის ოქსიდის ტვირთების შემოსვლა და თევზის გადამამუშავებელი ქარხნის გამო ქალაქში არსებული უსიამოვნო სუნი დაასახელეს.

მათი თქმით, კანონი სადამსჯელო ღონისძიებად მხოლოდ ფულადი ჯარიმით არ უნდა შემოიფარგლოს. სპეციალისტების თქმით, გაფრთხილების შემდეგ, პრობლემის გამოსწორებამდე საწარმოს ფუნქციონირების უფლება არ უნდა მიეცეს.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის გარემოს დაცვის მენეჯრის, ეკა გოგოლაძის განმარტებით, კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, პორტი თვითმონიტორინგს მუდმივად ატარებს, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტროს უგზავნის.

მისი თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში არცერთ კომპონენტზე, ატმოსფერო, ზღვის წყალსა და ნიადაგზე ნორმიდან სერიოზულ გადახრას ადგილი არ ქონია.

როგორც ის განმარტავს, ალუმინის ოქსიდთან დაკავშირებით გასულ წელთან შედარებით ტექნოლოგიური პროცესები დაიხვეწა და ამ სახის ტვირთბრუნვამაც იკლო. მისი თქმით, შეიცვალა ტერმინალიც და ის ამჟამად მოსახლეობიდან დაშორებულ ტერიტორიაზე იცლება.

გოგოლაძის განცხადებით, წინა წლებში მოსახლეობის საჩივრების საფუძველზე გარემოს დაცვის სამინისტრომ ჩაატარა მონიტორინგი, რომლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ატმოსფერული ჰაერში ალუმინის ოქსიდი ზღვრულად დასაშვები იყო.

მისი თქმით, ფოთის საზღვაო აკვატორიაში ზღვის წყლის დაბინძურებას წარმოადგენს ძველი, ტექნიკურად გაუმართავი გემები, რომლებიდანაც ხდება ნავთობის, ფეკალის და სხვა მასის ჩაღვრა.

როგორც შეხედრაზე აღინიშნა პრობლემების მოგვარების მიზნით საჭიროა მეტი კონტროლისა და საჯარიმო სანქციების გამკაცრება.

კომენტარები