“სოფიო კვარაცხელიასა და მაია სორდიას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ნორმებს და არღვევს განმცხადებლების უფლებებს.

დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ 2013 წლის 18 თებერვლის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით სოფიო კვარაცხელია და მაია სორდია გათავისუფლდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურიდან. აღნიშნულ ბრძანებებს საფუძვლად დაედო 2013 წლის 3 იანვრის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის N1 ბრძანება „მესტიის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციის (ლიკვიდაციის) და თანამშრომელთა საშტატო ერთეულების შემცირების შესახებ“ და 2013 წლის 11 იანვრის მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N2 განკარგულება „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“.

როგორც აღმოჩნდა, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში არათუ შემცირდა საშტატო ერთეულების რაოდენობა, არამედ ერთი შტატით გაიზარდა კიდეც.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელეს გასათავისუფლებლად. მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას.

საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით, ასევე სასამართლო დადგენილებების, მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნებოდა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში შტატით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირებას, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებული იყო, ობიექტურად შეეფასებინა სოფიო კვარაცხელიას და მაია სორდიას პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადული თვისების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება მათი გათავისუფლების შესახებ.

გამოიკვეთა, რომ არსებობს ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რომლითაც დასტურდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებისა და გამოცემისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითად დარღვევის ფაქტი, რაც წარმოშობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის საფუძველს”- აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

კომენტარები