ფოთის საქალქო სასამართლომ, პოლიციის მოთხოვნა ჯართის მიმღები პუნქტის მფლობელის, ელისო წურწუმიას 5 ათასი ლარით დაჯარიმებაზე არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სასამართლომ სამდღიანი სასამართლო განხილვის შემდეგ დღეს მიიღო.

პოლიცია ჯართის მიმღები პუნქტის მფლობელს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის, მატარებლის ლიანდაგის რესლების ჩაბარებას ედავებოდა. გამომძიებლის, ანი ქოიავას მტკიცებით, წურწუმიამ ნივთი კანონით სავალდებულო საკუთრების დამადასტურებელი ცნობის გარეშე ჩაიბარა.

პოლიციის მტკიცებით, ჯართის მიმღებმა, ელისო წურწუმიამ მუნიციპალიტეტს განცხადება მას შემდეგ დააწერინა, რაც საქმით პოლიცია დაინტერესდა. გამომძიებლის განმარტებით, გაცემული ცნობისა და მისი შინაარსის შესახებ კალანდია ინფორმირებულიც არაა, რადგან სჯარო სამსახურის თანამშრომლებმა ცნობა წურწუმიას გადასცეს.

ელისო წურწუმიას განცხადებით, მიღებული ჯართი არა ლიანდაგის რელსი, არამედ საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დარჩენილი სამშენებლო მასალაა, რაც წინა სხდომებზე მოწმის სახით დაკითხულებმა: ჯართის ჩამბარებელმა, გიზო ცაავამ, მისმა მეუღლე ნანა კალანდიამ და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა, ვახტანგ არზიანმა, ქეთევან ქობალიამ და ირინე ბასილაიამაც დაადასტურეს.

მათ სხდომაზე მუნიციპალიტეტის მიერ საკუთრების დამადასტურებელი ცნობის გაცემა და მისი ნამდვილობაც დაადასტურეს, რასაც პოლიცია ეჭქვეშ აყენებდა და გაყალბებულად მიიჩნევდა. საჯარო მოხელეების თქმით, ცნობა ცაავას მეუღლის, ნანა კალანდიას სახელზე გასცეს, რადგან ცაავას პირადობა არ ქონდა.

სხდომაზე გამომძიებელი პრეზიდენტის ბრძანებულებაზე აპელირებდა. მისი თქმით, ლიანდაგის რელსის ჯართად ჩაბარება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ ის უტილიზირებულია ან შესაბამისი უწყების მიერ ჩამოწერილია.

„მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობა საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს და არა ნივთის ვარგისობას, ამიტომ აღნიშნული ცნობის საფუძველზე ჯართად ჩაბარების უფლება არ ქონდა“- განაცხადა გამომძიებელმა.

წურწუმიას ადვოკატმა კი განმარტა, რომ ნივთი სახელმწიფო ქონებას არ წარმოადგენდა, საჯარო სამსახური კი კერძო საკუთრებას ვერ ჩამოწერდა.

ადვოკატის თქმით, ნივთის დათვალიერებით და ფაქტობრივი მდგომარეობა მიუთითებდა, რომ ის ლიანდაგად უვარგისია, რადგან დანაწევრებული რკინა 60 წლის განმავლობაში საცხოვრებელ სახლის სამშენებლო მასალად იყო გამოყენებული.

„მსგავსი უარგუმენტო ბრალდებები და საფუძველსმოკლებული ოქმები გვაფიქრებინებს, რომ პოლიციის მხრიდან მეწარმის შევიწროვება მიზანმიმართულად ხდება და კერძო ინტერესები იკვეთება“- განმარტა ადვოკატმა, თუმცა ვის ინტერესებზე საუბრობდა არ დაუკონკრეტებია.

ელისო წურწუმიას განცხადებით, მსგავსი აბსურდული მიზეზით პოლიციამ გასულ თვეს 2 ჯერ დააჯარომა. ის სხვა მეწარმეებისთვის გამოწერილი უკანონო ჯარიმების გახშირებაზეც საუბრობს.

ამავე თემაზე:

საჯარო მოხელის მიერ დოკუმენტის გაყალბების ფაქტი სასამართლოზე არ დადასტურდა

ფოთის პოლიციას მეწარმე შევიწროვებაში ადანაშაულებს [Video]

კომენტარები