სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღოს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი. ომბუდსმენის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტით საფრთხე შეექმნება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ მრავალ სამართლებრივ სიკეთეს.

“საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წლის 4 ივლისს ინიცირებული ცვლილება მიზნად ისახავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილის მოდიფიცირებას. ეს არის გარდამავალი დებულება, რომელიც აწესრიგებს გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვისას 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის გამოყენებას. დღევანდელი მდგომარეობით გარდამავალ პერიოდად მიჩნეულია 2013 წლის 1 სექტემბერი, კანონპროექტით კი ვადა 2014 წლის 1 დეკემბრამდე გადაიწევს.

აღსანიშნავია, რომ 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი წინ გადადგმული ნაბიჯია ადამიანის უფლებების დაცვის განვითარების საქმეში. მისი საშუალებით დაინერგა შეჯიბრებითი მართლმსაჯულების მრავალი კომპონენტი. საქართველოს სახალხო დამცველი არაერთ მოხსენებაში მიესალმა ახალი საპროცესო კოდექსის მიღებას, რადგან მასში ახლებურად ჩამოყალიბდა მოსამართლის და მხარეთა როლი. დღევანდელი რეგულირებით, მოსამართლე არის საქმის განმხილველი არბიტრი და მხარეები მის წინაშე ახორციელებენ პაექრობას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შესაძლოა შეიცავს გარკვეულ ხარვეზიან დებულებებს, მთლიანობაში მისი საშუალებით შესაძლებელი ხდება შეჯიბირებითი მართლმსაჯულების უკეთ განხორციელება და ადამიანის უფლებების უფრო ეფექტური დაცვა.

მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, მოწმის გამოკითხვა (ე.წ. არაფორმალური პროცესი), გამოძიების ეტაპზეც ხდება – სადაც ინფორმაციის საგამოძიებო უწყებებისთვის მიწოდება ნებაყოფლობითია. ამ საგამოძიებო მოქმედებისგან განსხვავებით დაკითხვა არის სავალდებულო და მოწმე ვალდებულია სასამართლოს წინაშე მისცეს ჩვენება. კოდექსის ძალაში შესვლის მომენტიდან ეს რეგულირება არ ამოქმედებულა და გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვა ხორციელდებოდა 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად. ანუ საგამოძიებო ორგანოებს მიეცათ იმის შესაძლებლობა, რომ დაეკითხათ მოწმეები გამოძიების სტადიაზე გარდამავალი პერიოდის განმავლობაში. რაც დაკითხვის ოქმებს მტკიცებულებით მნიშვნელობას ანიჭებს.

მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს დართული აქვს განმარტებითი ბარათი, რომელიც რამდენიმე წინააღმდეგობრივ დებულებას შეიცავს. 1. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლით დადგენილი ვადის გადაწევა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მრავალ გამომძიებელს ჭირდება დამატებითი გადამზადება მოწმეთა გამოკითხვის საკითხებთან დაკავშირებით; 2. სხვადასხვა ექსპერტების ჩართვით – უნდა მოხდეს დღეს არსებულ კოდექსში ჩადებული მოწმეთა დაკითხვის წესის გადახედვა. ვფიქრობ, აღნიშნული ორაზროვნება დამატებით გაუგებრობას ქმნის. პარლამენტმა ეს ფაქტი მკაფიოდ უნდა გააანალიზოს და ისე განახორციელოს კანონმდებლის ისტორიული ნების ფორმირება, რაც მნიშვნელოვანია კანონის სამომავლო ინტერპრეტაციისთვის.

საქართველოს პარლამენტმა მთავრობისგან უნდა მოითხოვოს ზუსტი ვადები, მონაცემები და პირთა რაოდენობა, რომელთა გადამზადებაც უნდა მოხდეს საგამოძიებო ორგანოთა მიერ; ასევე, შესაბამისი მკაცრად გაწერილი გრაფიკი, რათა ზუსტად განისაზღვროს ის თარიღი, თუ როდიდან უნდა მოხდეს მოწმის გამოძიების ეტაპზე დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება. ამ პირობებში საქართველოს პარლამენტი განახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტურ კონტროლს.

ამავდროულად საქართველოს პარლამენტმა ნათლად უნდა გააცნობიეროს და დააფიქსიროს, რომ მოწმის დაკითხვის წესი არ შეიცვლება სამომავლოდ და არ მოხდება ბრალდებულთა დაცვის უფლებრივი მდგომარეობის გაუარესება. შეჯიბრებითობის პრინციპი გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და მრავალი სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტით, რომლებიც პირდაპირ იმპლემენტაციას ექვემდებარება საქართველოში. შესაბამისად, ამ მიზნით აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვის წესის გაუქმება და 332-ე მუხლით განსაზღვრული ვადის შემცირება, რაც საპროცესო უფლებების თანაბარ რეალიზაციას უზრუნველყოფს. საქართველოში მრავალი წარსული ფაქტის გახსენება შეიძლება, როცა სამართალწარმოებისას დასაკითხ პირებზე სხვადასხვაგვარი ძალადობა ხორციელდებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ მოწმეები შეზღუდულნი არიან მათ მიერ გამოძიებისას მიცემული ჩვენებით, ხშირ შემთხვევაში პროცესზე მათი დაკითხვა ძველი ჩვენების იდენტურია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება. ამ შემთხვევაში სასამართლო პროცესზე მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვა ფიქციურ ხასიათს ატარებს.

ნებისმიერი გარდამავალი დებულება უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ აუცილებლობას და უნდა მომდინარეობდეს მისგან. აღნიშნული წესის ამოქმედების გადავადება ასევე გარკვეულწილად კითხვის ნიშნებს აჩენს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრების დეკლარირებული ნების მიმართ და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტური მექანიზმების დროულ ამოქმედებას აფერხებს”- აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

სახალხო დამცველი სთხოვს პარლამენტს, გაითვალისწინოს წარმოდგენილი შენიშვნები და არ მოახდინოს კანონპროექტის მიღება, რომელიც ადგენს გამოძიების ეტაპზე მოწმეთა დაკითხვის წესის გადავადებას.

კომენტარები