ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ზუგდიდსა და ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” პრაიმერის მიმდინარეობისას გამართული აქციებისა და ინციდენტების შესახებ სამართლდამცავ ორგანოებს მოუწოდებს უზრუნველყონ წინასაარჩევნო შეხვედრებისა და ღონისძიებების მშვიდობიან და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვა, ძალადობრივი აქტების ობიექტური, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება. ხელისუფლებასა და ადგილობრივი თვითმმართველობას კი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვისკენ მოუწოდებენ.

საიას შეფასებით, ზუგდიდის ინციდენტში იკვეთება უფრო მძიმე კანონდარღვევის ნიშნები, რისი პრევენციაც მოცემულ შემთხვევაში დამდგარი პასუხისმგებლობის ზომით შესაძლებელია ვერ მოხდეს.

იურისტები შესაბამის ორგანოებს თითოეული დარღვევის სწორი სამართლებრივი შეფასებისა და ადეკვატური პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ მოუწოდებს.

“წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებას, როგორც კონსტიტუციით გარანტირებულ და დაცულ სიკეთეს. თუმცა, ამ უფლებათა განხორციელება აუცილებლად კანონის ჩარჩოებში უნდა ჩაჯდეს და ძალადობრივი ხასიათი არ უნდა მიიღოს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პერიოდში ხელისუფლებამ უზრუნველყოს წინასაარჩევნო შეხვედრებისა და ღონისძიებების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარება, არ დაუშვას ძალადობა და გამოვლენის შემთხვევაში აღკვეთოს ის.

დღეს ქვეყნის ინტერესებში შედის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების კონსტრუქციულ, ცივილურ გარემოში ჩატარება, რა დროსაც თითოეულ კანდიდატს

საკუთარი ხედვებისა და საარჩევნო პროგრამის ამომრჩევლისთვის შეუფერხებლად გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა.

აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით საია მოუწოდებს:

თითოეულ მოქალაქეს – უარი თქვას პროტესტის ძალადობრივი ფორმებით გამოხატვაზე. ჩვენ ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ის პირები, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ, შესაძლებელია, წარსულში თავად იყვნენ ძალადობისა და უსამართლობის მსხვერპლნი, თუმცა მათ მსგავს ქმედებას სამართლებრივი გამართლება ვერ მოეძებნება. როგორც კი საწინააღმდეგოს დავუშვებთ, მსგავსი ქმედებები განმეორდება, რაც, ცხადია, დააზარალებს ქვეყნის ინტერესებს.

საია მოუწოდებს სამართლდამცავ ორგანოებს – უზრუნველყონ წინასაარჩევნო შეხვედრებისა და ღონისძიებების მშვიდობიან და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვა, ძალადობრივი აქტების ობიექტური, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება;

საია მოიწოდებს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, უზრუნველყონ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა და არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

საია აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს და იტოვებს იმედს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ორგანიზებული საჯარო შეხვედრები ძალადობის გარეშე ჩაივლის”, – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 20-12 ივლისს ზუგდიდსა და ბათუმში “ქართული ოცნების” მხარადამჭერებმა “ნაციონალური მოძრაობის” პრაიმერის ჩაშლა სცადეს და “ნაციონალებს” სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამავე თემაზე:

კახა მიქაია – სააკაშვილის ჭუჭულები დემოკრატიის გუგულებად ვერ იქცევიან [Video]

პოლიციამ ზუგდიდში აქციის მონაწილეები დააკავა [Video]

დავით ბაქრაძე – ხელისუფლებისგან ქვების სროლის დონეზე ლაპარაკს ვხედავთ [Video]

ზუგდიდში “ნაციონალურ მოძრაობას” ცოცხებითა და ბარებით დახვდნენ [Photo]

ზუგდიდში აქციის მონაწილეები ნაციონალებს წყლიან ბოთლებს ესვრიან

“ქართული ოცნების” აქტივისტების სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება “ნაციონალებთან” [Video -Photo]

კომენტარები