ზუგდიდის რაიონის სასწრაფო–სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები სასწრაფოს მანქანების მწყობრიდან გამოსვლას უჩივიან. როგორც ზუგდიდელები TSpress–თან საუბრისას აცხადებენ გამოძახებაზე სასწრაფოს დაგვიანების მიზეზი მანქანების გაუმართაობა და სიმცირეა. სახელფასო განაკვეთით უკმაყოფილო ექიმები ხელფასების მომატებასაც ითხოვენ.

როგორც TSpress–თან საუბრისას სასწრაფო–სამედიცინო სამსახურის ექიმმა და პასუხისმგებელმა პირმა მარინა წულეისკირმა განაცხადა, ზუგდიდის სასწრაფოს დახმარების ბრიგადები, დღეში 100–მდე გამოძახებაზე გადიან, მათი ანაზღაურება კი 170 ლარიდან – 360 ლარამდე მერყეობს.

„სასწრაფოს ექიმი ხელზე 360 ლარს იღებს, ექთანი 220 ლარს, მძღოლი 215 ლარს, ოპერატორი კი 170 ლარს. მათ თვეში რვა 24–საათიანი მორიგეობა უწევთ და ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვთ. სასურველია თუ გადაიხედება ხელფასები და მოგვიამტებენ ცოტას მაინც. პრემიებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია,“ – აღნიშნა მარინა წულეისკირმა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სასწრაფო–სამედიცინო დამხარების სამსახური ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 200 ათასამდე ადამიანსა და 40–ზე მეტ სოფელს ემსახურება. ყველაზე შორს, ბრიგადებს ანაკლიაში 70 კილომეტრის მანძილზე უწევთ გასვლა. სასწრაფო სამსახურში საერთო ჯამში 72 ადამიანია დასაქმებული. დღე–ღამის განმავლობაში 6 ბრიგადა 6 –6 ექიმის, ექთნისა და მძღოლის შემადგენლობით მუშაობს.

როგორც მარინა წულეისკირი აცხადებს, სასწრაფოს ამ ეტაპზე 6 მანქანა ჰყავს, მათ შორის 2 „ფორდის“, დანარჩენი კი „უაზის“ მარკის.

„ხშირად გვსაყვედურობენ რომ გამოძახებებზე ვაგვიანებთ. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ გვეზარება, არამედ ბევრი გამოძახებაის გამო, თან მათი ნაწილი უსაფუძვლოა. საბედნიეროდ, ამ დრომდე ისეთი შეფერხება არ გვქონია, ვინმეს სიცოცხლეს საფრთხე რომ შექმნოდა. ნახევარზე მეტი გამოძახება სოფელზე მოდის და მანძილი დიდია,“ –აღნიშნა წულეისკირმა. მისი თქმით, ცენტრალიზებუული გამოძახების 112–ის შექმნის შემდეგ გაზრდილია უსაფუძვლო გამოძახებები, ზოგიერთები სიცხის და ან წნევის გასაზომად რეკავენ. მანამდე, როცა პაციენტთან პირდაპირი სატელეფონო კონტაქტი ჰქონდათ, ექიმები რეკომენდაციებით შემოიფარგლებოდნენ და უსაფუძვლო გამოძახებებზე არ გადიოდნენ.

წულეისკირის ინფორმაციისგან განსხვავებული ინფორმაცია მოიპოვა პერსონალისგან TSpress-მა. კონფიდენციალობის დაცვის გარანტიით, როგორც მათ გამოცემას განუცხადეს, სასწრაფოს 6 არსებული მანქანიდან მხოლოდ 4–ია მეტ–ნაკლებად მუშა მდგომარეობაში.

„ექიმთა 6 ბრიგადას, მხოლოდ 4 მანქანა, ნახევრად მუშა მდგომარეობაში ემსახურება. ხშირად გამოძახება არის, ექიმები ადგილზე არიან, ხოლო მანქანები არაა საკმარისი. გარდა ამისა, როდის სად გაჩერდება მანქანა ღმერთმა უწყის. ხშირად მუხრუჭებიც მწყობრიდანაა გამოსული. ძალიან დიდი პრობლემაა გაუმართავი მანქანა, მაშინ, როცა ამდენი გამოძახებაა. სასწრაფოს შენობაში ვირთხებზე, კოღოებზე, მოუწესრიგებელ სველ წერტილებზე, ანტისანიტარიასა და მოუწესრიგებელ პირობებზე რომ არაფერი ვთქვათ,“ – განუცხადეს TSpress–ს.

TSpress–ის ინფორმაციით, სასწრაფოს მანქანებს ხშირად კერძო ხელოსნები აკეთებენ, რომელთათვისაც 2–3 თვის დავალიანება კომპანიას ამ დრომდე არ გადაუხდია. თუმცა მარინა წულეისკირი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ მანქანას, რომელიც 24 საათი მუშაობს, ხანდახან მძღოლი თავისი ძალებით აკეთებს, თუ არადა მიმართავს ხელოსანს, თუმცა მათი დავალიანება კომპანიას არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის სასწრაფო–სამედიცინო სამსახური და საავადმყოფო „რესპუბლიკა“ 2011 წლიდან „ჩემი ოჯახის კლინიკის“ მფლობელობაშია. მას საკუთრებაში ქვეყნის მასშტაბით 31 კლინიკა აქვს.

როგორც „ჩემი ოჯახის კლინიკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეო ლალიაშვილმა განაცხადა, კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქსელშიახალი მანქანების დამატებას გეგმავს.

„შეკვეთა უკვე გაკეთებულია და დაახლოებით 10 დღეში, ალბათ დაემატება ახალი მანქანები. გარდა ამისა, ექიმების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად, კლინიკის ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარია გამოყოფილი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი კლინიკებს მოხმარდება. კომპანია ზრუნავს ყველა დასაქმებულზე და მათი პირობების გასაუმჯობესებლად. რაც შეეხება ხელფასებს, ბუნებრივია ვმუშაობთ ხელფასების მომატების საკითხზეც, თუმცა ვის და როდის მომემატება ამ დროისთვის ზუსტ დროს ვერ ვასახელებთ,“ – აღნიშნა ლალაიშვილმა.

კომენტარები