“ქართული ენისა და ლიტერატურის სასერტიფიკაციო გამოცდაზე მაქსიმალური 14 ქულიდან პროგრამის მიერ დაანგარიშებული შედეგების საშუალო მაჩვენებელი 4.57 -ია და ეს კატასტროფააა“ –განუცხადა Tspress-ს მაკა სახურიამ, რომელმაც 1307 ნაშრომიდან 224 გაასწორა.

მისივე თქმით, იგი პედაგოგების ნაშრომებში მხოლოდ ლიტერატურის სწავლების მეთოდიკას ასწორებდა, სადაც მასწავლებლებს კონკრეტული ნაწარმოები სამი მიმართულებით უნდა გაერჩიათ: 1.ამ ტექსტის თავისებურება. 2. გამოეკვეთა პრობლემა, რომელიც მისი სწავლების დროს წარმოიშობა 3. რა სასწავლო მეთოდებს მიუსადაგებს ის ამ პრობლემის აღმოფხვრას.

“გასწორებული ნამუშევრებიდან არცერთი არ მომწონებია და არცერთ მათგანში მაღალი შეფასება არ დამიწერია. ამას ადასტურებს ერთ-ერთი მასწავლებლის ნაშრომიც. „ტარიელს უკვე დაკარგული აქვს უფლისწულობა, ნესტან–დარეჯანს კი მხოლოდ მეფის შვილს გააყოლებენ. ინდოეთის მეფე იმპერიალისტია, მას სურს უფრო მეტი მიწების შეერთება და ამიტომაც არ ითვალისწინებს შვილისა და გაზრდილის სიყვარულს,“ – მაკა სახურია TSpress-თან საუბრისას პედაგოგის ნაშრომიდან ნაწყვეტი გაიხსენა.

მისივე თქმით, ვფიქრობ რომ ტესტის ამ ნაწილში პედაგოგისთვის დაუძლეველი არფერია, თუმცა შედეგები ამაზე არ მეტყვეებს. გამოცდების ეროვნული ცენტრის პოლიტიკა იყო ასეთი, რომ არ შეგვეფასებინა პედაგოგები ძალიან მკაცრად. მე ისინი მკაცრად რომ შემეფასებია გაცილებით დაბალი შედეგები იქნებოდა.

„კიდევ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან, რომლებიც პედაგოგებმა გამოცდაზე დაწერეს – “იცოდნენ რა, რომ ხვარაზმშას შვილის მოკვლა შეცდომა იყო, ის მაინც მოკლეს”. ასევე, “როცა ფარსადანმა ტარიელს შემოუთვალა, თუ ჩემი შვილი გიყვარდა, ადრე გეთქვაო, ტარიელმა იხტიბარი არ გაიტეხა და უთხრა, მე შენი ქალი არად მინდა, შენვე გყავდეს, მე მხოლოდ ჩემი ქონება მინდაო, რითაც მეფე კიდევ უფრო განარისხა”,“ – აცხადებს მაკა სახურია.

მისივე თქმით, ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მინიმუმ გამართულად უნდა აზროვნებდეს, წერდეს და მეტყველებდეს და ჩემი დასკვნით, ეს ადამიანები რადგან ასე დაბალ დონეზე წერენ, ე.ი ვერც გამართულად მეტყველებენ და ვერც აზროვნებენ.

მისივე თქმით, ჩვენ თუ ეს პედაგოგები სკოლას ჩამოვაშორეთ, მაშინ ვინღა ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას.

„ვფიქრობ ძალიან კარგია ეს ტესტები და ნამდვილად ავლენს მასწავლებლის შესაძლებლობებს, თუმცა პრიორიტეტი განათლების სფეროში არა მასწავლებელთა გამოცდა, არამედ სწავლება უნდა გახდეს. უნდა ჩამოყალიბდეს ტრენერთა სკოლა და ამ ადამიანების კვალიფიკაცია უნდა ამაღლდეს. ჩვენ ამ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ მართალია შენი კვალიფიკაციის დონე ძალიან დაბალია, მაგრამ შენ უნდა ისწავლო და გახდე უკეთესი პედაგოგი, არ შეიძლება ამ ცოდნით ასწავლიდე,“ – განაცხადა მაკა სახურიამ.

როგორც TSpress-ს გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელმა განუცხადა, ამ დროისთვის არაა დასრულებული პედაგოგების ნაშრომების გასწორება და შესაბამისად, საბოლოო შედეგები უცნობია.

კომენტარები