ივნისში მეტად დამაფიქრებელი მოვლენების მომსწრენი გავხდით: მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით ახალგაზრდობა ქუჩაში გამოვიდა. ყველაზე თამამები პირდაპირ ლეგალიზაციას ითხოვენ. უფრო მეტიც, ფეისბუკში გაიხსნა მუდმივმოქმედი გვერდი: „მოვითხოვთ მარიხუანას ლეგალიზაციას!“

ისმის კითხვა: რაღა მარიხუანაზე ატყდა ეს ვაი–უშველებელი? მაშინ, როდესაც პარლამენტი ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაციის საკითხზე ისედაც მსჯელობს, ასეთი გამორჩეული მხარდაჭერა, ცოტა არ იყოს, უცნაურად გამოიყურება.

ლეგალიზაცია, თუ დეკრიმინალიზაცია?

დავიწყოთ იქიდან, რომ, ხშირ შემთხვევაში ლეგალიზაცია და დეკრიმინალიზაცია ერთმანეთში ეშლებათ. მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრეებმა ჯერ ის უნდა დააზუსტონ, რა აქვთ მხედველობაში. შეგახსენებთ: დეკრიმინალიზაცია არალეგალური პრეპარატის დადგენილი რაოდენობით შეძენა–მოხმარებას ნიშნავს; ამ დროს კულტივირება, წარმოება, გადატანა და რეალიზაცია ისევ დასჯადია. ლეგალიზაციის თვალსაჩინო მაგალითია ალკოჰოლი და თამბაქო. მოქალაქეთა დიდი ნაწილი შიშობს, რომ მარიხუანას მოხმარების თუნდაც მოკრძალებული დეკრიმინალიზაციით „მარიხუანომანიას“ მოვიმკით. მაგარმ „ღვედების ახსნის“ მომხრეთა აზრით, ეს არ გვემუქრება. ამის სასარგებლოდ ნარკოტიკებისა და ნარკომოხმარების ევროპული ცენტრის (EMCDDA) მონიტორინგის შედეგებიც მეტყველებს: 2009 წელს მოზრდილთა შორის მარიხუანას მოხმარების საშუალო მაჩვენებელმა ჰოლანდიაში 5,4% შეადგინა, მაშინ როდესაც ევროპის საშუალო მაჩვენებელი 6,8% იყო; ხოლო იტალიაში იმავე წელს მარიხუანას კვამლით მოზრდილი მოსახლეობის 14,6% „გაიბოლა“. ცალკე საკითხია, რომ სინამდვილეში მარიხუანას ლეგალიზაცია მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა. იმავე ჰოლანდიაში მხოლოდ ფართო დეკრიმინალიზაცია განხორციელდა.

ადგილობრივი პროცესი, თუ მსოფლიო ტენდენცია?

ამერიკელ „ნათლიმამას“ მეიერ ლანსკის (1902–1976) ეჭვი არც ეპარებოდა, რომ აზარტული თამაშები, პროსტიტუცია და ნარკოტიკები ოდესმე კანონის „ფრთის ქვეშ“ მოიკალათებდნენ. თავის უკანასკნელ ინტერვიუშიც ისიც კი განაცხადა: ეს გარდაუვალია, იმიტომ რომ ძალზე მომგებიანიაო. ბებერი ბანდიტი აშკარად არ შემცდარა: აზარტული თამაშებისათვის მთელი ქალაქები აშენდა, ხოლო პროსტიტუცია ოფიციალურ სტატუსს ნაბიჯ–ნაბიჯ იმკვიდრებს. ნარკოტიკების „მატარებელი“ ჯერჯერობით ყველაზე ნელა მიიზლაზნება, მაგრამ ბოლო წლების მოვლენები იმაზე მიუთითებს, რომ „ლოკომოტივმა“ აშკარად სვლას უმატა. 2011 წელს ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიამ (Global Commission On Drug Policy) მსოფლიოს ახალი ნარკოსტრატეგია შესთავაზა. მისი ამოსავალი პრინციპია ნარკოტიკებთან ომში დამარცხების აღიარება, ხოლო ერთ–ერთი ძირითადი რეკომენდაცია – მსუბუქი ნარკოტიკების (მაგალითად, მარიხუანას) ლეგალიზაცია, რაც ნარკომაფიის დასუსტებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობა–უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობით დასაბუთდა. ნარკომაფიის დასუსტებაში შემოსავლის წყაროს დაბლოკვა იგულისხმეს. თუკი ეს განხორციელდა, მაფიისთვის დაბლოკილი ფინანსები ლეგალურ, ანუ სახელმწიფო არხებში გადმოინაცვლებს. მსგავსი არგუმენტები საქართველოშიც მსმენია.

პარალელი: ადგილობრივი პრესის პუბლიკაციების თანახმად, 2010 წელს შსს–მ მხოლოდ სამ თვეში 200 კგ მარიხუანა გაანადგურა. რამდენ ლეგალურ „მწვანე ლიმონში“ კონვერტირდება ლეგალიზაციის შემთხვევაში მწვანე „ბალახის“ არალეგალური ზვინები და, იქნებ, სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი?!

ცალკე საკითხია კოფი ანანის შარშანწინდელი გამოსვლა. მან გაეროს კომისიის პოზიცია გააჟღერა: ნარკოტიკებთან ომში დამარცხების აღიარება და ნარკოტიკების ლეგალიზაცია. ცნობისთვის: აღნიშნული კომისიის წევრები არიან მექსიკის, კოლუმბიის და ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტები. ნეტავი რაზე მიანიშნებს ეს გეოგრაფიული დეტალი?.. მკითხველის არ ვიცი, მაგრამ პუბლიკაციის ავტორს აშკარად „ლანსკის სურნელი სცემს“: ვიღაცას ლეგალური „კაიფი“ უნდა, სხვებს – ლეგალური ფული!

დეკრიმინალიზაცია – კი, ლეგალიზაცია – არა!

გიორგი გოგუა (ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარას“ თანამშრომელი):

– პირადად მე დამოკიდებულების დაძლევის გზა გავიარე, ამდენად ამ პრობლემას შიგნიდან ვიცნობ. მიმაჩნია, რომ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია ნამდვილად აუცილებელია. ძალისმიერი მეთოდებით სახელმწიფო ამ პრობლემას ვერ ერევა. ნარკოტიკების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხმარება ნამდვილად უნდა აიკრძალოს და გონივრული ჯარიმებიც დაწესდეს; მაგრამ ხალხს სახლებში არ უნდა უვარდებოდნენ. აყვანის შემთხვევაში კი არ უნდა მოხდეს მომხმარებელზე ზეწოლა იმის დასადგენად, თუ სად შეიძინა ნარკოტიკი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ ძველ პრობლემებამდე მივალთ; ისევ დაიწყება: გამსაღებელი ჩაუშვი, მაშინ არ დაგაჯარიმებ და გაგიშვებ და ა.შ.

რაც შეეხება ივნისის გამოსვლებს, ჩემთვისაც გაუგებარია, რაღა მარიხუანაზე ატყდა ასეთი ამბავი. განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტი სექტემბერში მოხმარების დეკრიმინალიზაციის პროექტის განხილვას აპირებს. მიზეზი არ ვიცი, მაგრამ საბაბად, რამდენადაც მახოვს, ერთი ყმაწვილის დაკავება იქცა. მის სახელზე მოსულ ამანათში მარიხუანა აღმოჩნდა. თვითონაც გაოცებული იყო – შემოტანას, ყიდვას და მოხმარებას მაბრალებენ, ამ დროს არც შემომიტანია, არც მიყიდია, ხოლო მოხმარება არც მაცალესო. მერე უკვე გამოჩნდა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ეს თემა წამოწია. შეიძლება უბრალოდ დაემთხვა, არ ვიცი. ყოველთვის იყო ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაციას ითხოვდნენ, უბრალოდ, ბოლო პერიოდში ამან ორგანიზებული ფორმა მიიღო.

ცნობისთვის: ივნისის ცხელი დღეების კვალდაკვალ ACT-მ (ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი) გამოკვლევა ჩაატარა. სატელეფონო ინტერვიურებით გამოიკითხა თბილისის 407 ზრდასრული მაცხოვრებელი. აღმოჩნდა, რომ 91% საქართველოში მარიხუანას ლეგალიზაციის წინააღმდეგია. დეკრიმინალიზაციის შესახებ აზრი გაიყო: რესპონდენტი 38% მომხრეა, ხოლო 62% – წინააღმდეგი. აღსანიშნავია რომ 2012 წლის აპრილში ჩატარებულ გამოკითხვასთან შედარებით დეკრიმინალიზაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა ჩამოუყალიბებელი რესპონდენტების ხარჯზე თითქმის თანაბრად გაიზარდა.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ზიანის შემცირება – რეპრესიული თუ მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა: თემის გაძლიერების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებული პოლიტიკის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“. პროექტის თანადამფინანსებელია „მსოფლიო ექიმები – საფრანგეთი, საქართველოს წარმომადგენლობა“. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და არც ერთ ვითარებაში არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის პოზიციის ამომხატველად.

კომენტარები