საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი რუსეთის პრემიერ–მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებებს პასუხობს და აცხადებს, რომ სავალალოა, როცა თბილისისა და მოსკოვის ოფიციალური პოზიცია, ისეთ საკვანძო საკითხში, როგორიცაა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და ეროვნული ინტერესები, ერთმანეთს ემთხვევა.

ასე გამოეხმაურა TSpress–თან საუბრისას დავით დარჩიაშვილი პრემიერ–მინისტრ მედვედევის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთი მზად არის, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები “აგვისტოში მომხდარი ფაქტის აღიარების” შემდეგ აღადგინოს.

„კიდევ ერთხელ და არა პირველად „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინის განცხადებები და დამოკიდებულებები ერთმანეთს ემთხვევა. მიმაჩნია, რომ რუსეთის ხელისუფლება არის საქართველოსადმი მტრულად განწყობილი და თუკი უცებ საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის კრემლის წარმომადგენლების აზრები ერთმანეთს ემთხვევა დასკვნები თქვენ გააკეთეთ. მაგრამ სავალალოა, როცა მოსკოვისა და თბილისის პოზიცია ამ საკვანძო საკითხში ერთმანეთს ემთხვევა,“ –აღნიშნა დარჩიაშვილმა და დასძინა, რომ მედვედევს შეიძლება იმედი ჰქონდეს რომ ახალი ხელისუფლებისგან და კერძოდ, პრემიერისგან მიიღებს იმას, რაც უნდა, მაგრამ გაუმართლდება თუ არა იმედები მკითხაობას მე ნუ დამაწყებინებთ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი TSpress–თან საუბრისას ამბობს, რომ მედვედევის ამ განცხადებაში, არის რამდენიმე მომენტი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ მაშველი რგოლის ფუნქცია მიანიჭონ და პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენონ.

„მთავარი ამ საკითხში არის ის თუ როგორ ჩამოყალიბდა და განვითარდა სიტუაცია და მთელი ეს პროცესი მხოლოდ 8 აგვისტოთი არ უნდა შეფასდეს. ეს იყო დამაგვირგვინებელი მომენტი. თუ გავიხსენებთ პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის დეკემბერში გაკეთებულ განცხადებას, რომ სამხრეთ ოსეთი არის მორყეული ამოსაღები კბილივით და მის მოგვარებას რამდენიმე თვე ან კვირა დასჭირდება, ასევე რუსეთს არ აინტერესებს სამხრეთ ოსეთი, ძალიან ბევრ შეკითხვას პასუხობს,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკმა.

კავკასიის საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძის თქმით, რუსეთი სულ ცდილობს რომ ბურთი საქართველოს ნახევარზე ისროლოს. ამჟერადაც, ეს არის რევერანსები და ერთგვარი პასაჟები საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

„ამ განცხადებებში ახალი არაფერი ყოფილა, რომელიც არ გვსმენია. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა თქვა ომის პროვოცირება სააკაშვილმა მოახდინაო, ეს იმას არ ნიშნავს რომ ომი საქართველომ დაიწყო. ომი დაწიყო რუსეთმა 2006 წელს, ხოლო საქართველომ დაიწყო კონკრეტული ბრძოლა. წინა ხელისუფლების დანაშაულია ის, რომ იცოდა რა პროვოკაციას უწყობდა რუსეთი და შეგნებულად გაყო თავი ამ პროვოკაციაში. ერთადერთი რაც შეიძლება საქართველომ ამ განცხადების საპასუხოდ გააკეთოს და დაატკბოს ურთიერთობა, ეს არის იმის თქმა, რომ ამ ომის პროვოცირება სააკაშვილის ბრალია და არ გაამხვილოს ყურადღება ვინ დაიწყო ომი სინამდვილეში,“ – აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები