ზუგდიდში პრეზიდენტის რეზიდენციასთან “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია დააკავეს. ის ამ დროისთვის პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი.

როგორც TSpress–ის კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეზიდენციაში პრეზიდენტის მისვლა იგეგმებოდა, რის გამოც კახა მიქაიამ და მისმა ათამდე თანაგუნდელმა რეზიდენციის წინ აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები რეზიდენციასთან 19 სთ – დან იყვნენ შეკრებილები, დაახლოებით 23 სთ– ზე რეზიდენციაში შესული რამდენიმე მანქანას მათი პროტესტი და სკანდირება მოყვა, თუმცა ეკუთვნოდა თუ არა ის მანქანები პრეზიდენტს და იჯდა თუ არა მანქანაში სააკაშვილი უცნობია.

TSpress – ის კორესპოდენტის ცნობით, მიქაია პრეზიდენტის რეზიდენციასთან გაკეთებულ ჯებირზე გადასვლას ცდილობდა, რის უფლებასაც დაცვის წარმომადგენლები არ აძლევდნენ. მოგვიანებით, დაცვამ ჯებირი გახსნა, მიქაია შიგნით შეიყვანეს, მანქანაში ჩასვეს და პოლიციის სამმართველოს მიმართულებით წაიყვანეს.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეები ამ დრომდე რჩებიან და კახა მიქაიას გათავისუფლებას ითხოვენ.

ადგილზე იმყოფება “ქალები მშვიდობისთვის” წარმომადგენელი ლალი ანთიაც.

კომენტარები