როგორ აფასებენ ფოთელები “სამართლიანობის აღდგენაზე” ახალი ხელისუფლების დაპირებას, რა მიაჩნიათ სამართლიანობის აღდგენად და შესრულდა თუ არა წინასაარჩევნო დაპირება ? – ამ კითხვით TSpress – მა ოცდაათამდე მოქალაქეს მიმართა. უმრავლესობის თქმით, სამართლიანობა არ აღმდგარა, ნაწილი მიიჩნევს, რომ ამას დრო სჭირდება.

გამოკითხულთა ნაწილი სამართლიანობის აღდგენად სკოლაში სახელმძღვანელოების უფასო დაირგებას, საგადასახადო ჯარიმების შემცირებას, საკუთარი აზრის ღიად გამოხატვას და შიშის ფაქტორის გაქრობას მიიჩნევს.

„რა სამართლიანობა აღდგა, ისევ უმუშევარები ვართ“- აღნიშნა ერთ-ერთმა ქალბატონმა.

„ახლა ოღონდ სააკაშვილი მოგვაშორონ და 2 წელი პურს არ შევჭამთ,“- განმარტა ერთმა გამოკითხულმა მამაკაცმა

მოსახლეობას სამართლიანობის აღდგენას პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი პირადად დაპირდა. საპარალამენტო არჩევნებიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ პრემიერმა განაცხადა, რომ სამართლიანობის აღდგენას დრო ჭირდებოდა.

“სამართლიანობის აღდგენა აუცილებელია, მაგრამ ამ პროცესების ხანგრძლივობა შეიძლება შემაფერხებელი იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის,” – აღნიშნა ივანიშვილმა

დაახლოებით ერთი თვის წინ, „აჭარის“ ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში კი აღნიშნა, რომ სამართლიანობის აღდგენის ყველაზე დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია.

“ხელისუფლების მოსვლის შემდგომ სამართლიანობის აღდგენის ყველაზე დიდი ნაწილი უკვე შესრულდა, რამეთუ დღეს არ არსებობს ძალადობის ფაქტები ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებაზე, რასაც წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა ადგილი. ეს ნაწილი დასრულდა, პოლიცია და პროკურატურა ჩადგა ხალხის სამსახურში. სასამართლოში ჩატარდა არჩევნები, რაც ძალიან მისასალმებელია და ჩვენს ხელისუფლებაში გავლენის მოხდენის მცდელობა არ არის და არც იქნება.“- განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები