სენაკის რაიონ სოფელ ნოქალაქევში კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის წარდგენის შემდეგ, სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორისა და ამჟამად პარლამენტარ გურამ მისაბიშვილის გამოჩენას ინციდენტი მოყვა.

კავშირ “ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისათვის” წევრმა, ინგა ქარდავამ გურამ მისაბიშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. იქვე იმყოფებოდა ორგანიზაციის ზუგდიდელი აქტივისტი ლალი ანთიაც.

როგორც ქარდავამ განაცხადა, საპარლამენტო არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, სწორედ მისაბიშვილის ბრძანებით არ მისცეს ნოქალაქევში შემოსვლის უფლება.

“ეს ის მისაბიშვილია, რომელიც 9 წლის განმავლობაში, სამეგრელოში სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის დავალებებს ასრულებდა. მისი აქ ყოფნა დღეს ამაზრზენია. მე ის ინგა ქარდავა ვარ, რომლის ზურგზეც გადავიდა “ქართული ოცნების” გამარჯვება სენაკში, რომელსაც ეს ვაჟბატონი, ეს კრიმინალი მისაბიშვილი უშლიდა ხელს”, – განაცხადა ქარდავამ.

აღნიშნული ინციდენტის კომენტირებისას მისაბიშვილმა აღნიშნა, რომ ის გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერია, ხოლო ეს არის ერთი ავადმყოფი ადამიანი და ავადმყოფებზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

როგორც ლალი ანთიამ აღნიშნა, თუ მისაბიშვილი იქნება მარგველაშვილის მხარდამჭერი, მარგველაშვილი წააგებს არჩევნებს, რადგან მისაბიშვილს რეგიონში ავტორიტეტი არ აქვს.

კომენტარები