ფოთში დაბინძურებული სანაპირო ზოლი და ზღვამდე მისასვლელი მიუვალი გზა, სანაპიროებზე არასებული ინფრასტრუქტურა და “ველური პლაჟები” მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

Tspress- მა გადაწყვიტა გაერკვია თუ რა მდგომარეობაშია ნაბადის, მალთაყვის, კუნძულის უბნის და ე.წ. “მეურნეობის” სანაპირო ზოლი და როგორ ისვენებს ჩამოსული თუ ადგილობრივი დამსვენებელი ფოთის პლაჟზე. ეს ის უბნებია, სადაც ძირითადად დადიან საბანაოდ.

როგორც Tspress-თან საუბრისას დამსვენებლებმა აღნიშნეს, უპირველესი პრობლემა ზედმეტად დაბინძურებული ზღვის წყალი და სანაპირო ზოლია.

დამსვენებლები სანაპიროებზე ინფრასტრუქტურის არარსებობას და სანაპირომდე მისასვლელ მიუვალ გზებსაც ასახელებენ, რაც მათი თქმით უფრო მიუვალი სოფლის გზას აგონებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ფოთის სანაპიროებზე, კაფე–ბარები და ბუნგალოები არ არის. არ არის საშხაპეები, შეზლონგები და ქოლგები.

აღნიშნული პრობლემა ფოთის მერიაში კარგად არის ცნობილი.

Tspress-თან საუბარიში ფოთის მერმა, დავით სარსანიამ განაცხადა, რომ ისინი წინა ხელისუფლების მიერ შედგენილ ბიუჯეტს მიყვებიან კვალდაკვალ, რადგან თავად ბიუჯეტის განხილვის შემდეგ დაინიშნა და წელს სანაპირო ზოლის დასუფთავება ამიტომაც ვერ მოხერხდა.

“ჩემთვის მიუღებელია, რომ წელს არ იყო დაფინანსებული სანაპირო ზოლის მოწესრიგება და კეთილმოწყობა. მომავალ წელს, უკვე ჩვენს მიერ დაგეგმილ ბიუჯეტში ეს საკითხი გათვალისწინებულ იქნება”– აღნიშნა სარსანიამ.

მისივე თქმით სანაპირო ზოლის დასუფთავება ინფრასტრუქტურის სამსახურს დაევალება. ხოლო სანაპირო ზოლი სრულად 2014-2015 წლებში რეაბიტილირდება.

წელს შექმნილი “ქალაქის აღორძინებისა და განვითარების ფონდი”, რომლის შემწირველები ბიზნესმენები არიან, პორტის თითქმის 2 კმ-იან მთლიან სანაპირო ზოლის კეთილმოწყობას გეგმავს. გეგმის მიხედვით უნდა მოხდეს აღნიშნული ზოლის გამწვანება, განათება, ასევე უნდა განთავსდეს მოსასვენებელი სკამები, საშხაპეები, კაფე-სანაყინეები, სკვერებისა და სათამაშო მოედნები, რისთვისაც ფონდს 350 ათასი ლარი აქვს, თუმცა შემწირველი ბიზნესმენის ვინაობა არ სახელდება.

ფოთის ლაბორატორიული კვლევის ცენტრის მონაცემებით, მალთაყვისა და კუნძულის უბნის ზღვის წყალში ბაქტერიების რაოდენობა დასაშვებ ნორმას არ აღემატება.

ცენტრის დირექტორის მოადგილის, რაჟდენ ღვინიანიძის თქმით, ზღვის წყლის უსაფრთხოება აღნიშნულ უბნებზე ორ კვირაში ერთხელ მოწმდება.

ნაბადის სანაპირო

ნაბადის სანაპირო

ნაბადის სანაპიროზე მისასვლელი გზა

ნაბადის სანაპირო ზოლი

კომენტარები