კერძო იპოთეკარის მიზეზით, პოლიციის ძალით გამოსახლებული ოჯახი ღამეს ფოთის პროკურატურასთან ათევს. საქმის გამოძიების მოთხოვნით, ოჯახის ადვოკატმა შიმშილობა დაიწყო.

ადვოკატის, ნუგზარ ჩუხუა განცხადებით, სახლის იპოთეკით დატვირთვა და მისი ჩამორთმევა უკანონოდ, თაღლითური გზით მოხდა, რაზეც პროკურატურას განცხადებითაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

გამოძიების დასრულებამდე კერძო იპოთეკარმა სახლი გაყიდა. მისი მფლობელი ამჟამად ლაშა დემეტრაშვილია, რომელიც როგორც ადვოკატი ამბობს კერძო იპოთეკარის ნათესავია.

გამოსახლებული ოჯახის წევრების განცხადებით, გამოძიების დასრულებამდე სახლის ახალმა მფლობელმა ოჯახს იქ ცხოვრების უფლება მისცა. რამდენიმე თვიანი ცხოვრების შემდეგ კი მან პოლიციაში განცხადება შეიტანა, რომ მის საკუთრებაში კოკაიები თვითნებურად შეიჭრნენ, რის გამოც პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით გამოსახლა.

“გამოძიება, რომ ობიექტურად წარმართულიყო და დროულად დასრულებულიყო დღეს ეს შედეგი არ გვექნებოდა. პროკურორის მოადგილე, ემირი ბერაია მეუბნებოდა წადი და ბიძინასთან გვიჩივლეო”- აცხადებს ადვოკატი.

გამოძიების შეწყვეტაზე პროკურატურისგან წერილობითი შეტყობინება მოშიმშილეებს გვიან ღამით ჩაბარდათ.

საქმე ეხება მანანა კოკაიას საკუთრებას. ოჯახის ერთ- ერთი წევრის, დარიკო კოკაიას განცხადებით, ფოთში ზამბახიძის ქუჩაზე მდებარე სახლის ჩადება მას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრედიტ + “- ში ქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ორგანიზაციის ფოთის ფილიალის ხელმძღვანელმა, რონა ბუბუტეიშვილმა მას უარი განუცხადა და კერძო იპოთეკართან, ირმა კუციასთან დააკავშირა.

ადვოკატის თქმით, გამოუვალი მდგომარეობის, შვილის ჯანმრთელობის გამო კოკაიამ იპოთეკის ხელშეკრულება კუციასთან გააფორმა და 4 ათასი ლარი აიღო. მოგვიანებით, თანხისა და პროცენტის დროულად ვერ გადახდის გამო, კერძო იპოთეკარმა ხელახალი იპოთეკა შესთავაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბინის წართმევით დაემუქრა.

გადაიპოთეკარობის შემდეგ მას 11 ათასი ლარი დაუმატეს. ადვოკატის თქმით, აღნიშნული თანხით წინა დავალიანება 4 ათასი ლარი და პირგასამტეხელო პროცენტები დაფარა. აღებული 11 ათასი ლარი კი შემდეგ წელში უნდა დაეფარა. თანხის დროულად ვერ გადახდის გამო კი საქმე აღასრულებამდე და სახლიდან გამოსახლებამდე მივიდა.

“ეს არის თაღლითური სქემა, იძულების წესით გააკეთებინეს ხელახალი იპოთეკა და ძველ დავალიანებაზე ახალი დაუმატეს. ახდევინებენ პროცენტების იმ რაოდენობას რაზეც შეთანხმებულები არ იყვნენ, გარდა ამისა ვალად აღებულ პირველ და მეორე შემთხვევაშიც თანხის 10 % უხდიდა ე.წ. შუამავალს, ბუბუტეიშვილს და კუციას. მათთვის მიცემული თანხის პროცენტებს კი თავად იხდიდა”- განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები