ფოთში მცხოვრებ 49 წლის ლალი გვასალიას გულის გადაუდებელი ოპერაციისათვის 12 ათასი ლარი ესაჭიროება, ჯანდაცვის სამინისტრომ კი მას მხოლოდ 3 ათასი ლარი გამოუყო, ხოლო ფოთის მერიამ 2 ათასი, რაც ოპერაციისთვის არარის საკმარისი. პაციენტი სხვა თანხის მოძიებას ვერ ახერხებს.

-„ქუთაისის საავადმყოფოში 14 იანვარს დამიდგინეს გულის მოციმციმე არითმია, 3 სარქველის პროთეზირება მჭირდება. ოპერაცია სასწრაფოა და 12 ათასი ლარი ჯდება,“- აღნიშნა გვასალიამ.

გვასალიას თქმით, მას ყოველდღიურად გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს და მუდმივად რისკის ქვეშაა. მისი დაავადება ვინაიდან მკურნალობას არ ექვემდებარება, გამაყუჩებლის გარდა, სხვა წამლები არ აქვს დანიშნული.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის მქონე პირებისათვის გეგმიური ოპერაციების 70 %-იან დაფინანსებას (წელიწადში 15 ათასი ლარის ოდენობით) ითვალისწინებს. როგორც ლალი გვასალიამ აღნიშნა, მას განუცხადეს, რომ ეს ოპერაცია საყოველთაო დაზღვევით ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

აღნიშნულ პრობლემასტან დაკავშირებით, TSpress – ი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან, თამარ ბოდოკიასთან მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ. ის მიზეზად შეხვედრაზე ყოფნის გამო მოუცლელობას ასახელებდა.

კომენტარები