“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე საშტატო ცვლილებები შეისწავლა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შექმნილი სიტუაცია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების აუცილებლობას.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას განცახდებით, გათავისუფლებულ პირთა უმრავლესობამ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა.

ხშირად ათეულობით თანამშრომელს გათავისუფლების თაობაზე განცხადება ერთსა და იმავე დღეს აქვთ დაწერილი, რაც აჩენს ლოგიკურ ეჭვს მათი გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითობასთან დაკავშირებით. რიგ შემთხვევებში დათხოვილი საჯარო მოხელეები ადასტურებენ, რომ გათავისუფლება ზემდგომმა პირებმა მოსთხოვეს, თუმცა უმეტესობა ფაქტის საჯაროდ აღიარებისგან თავს იკავებს.“ – აცხადებს ლომჯარია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 69 მუნიციპალიტეტიდან საკადრო ცვლილებები 55 გამგეობასა და 26 საკრებულოში განხორციელდა.

თვითმმართველობებიდან მოპოვებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე გათავისუფლებულია 2321 თანამშრომელი.

მათ შორის მასიურად გათავისუფლდნენ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები, რასაც ხშირად გამგებელთან თათბირი უძღოდა წინ. საერთო ჯამში, 34 მუნიციპალიტეტში დათხოვილ იქნა 519 რწმუნებული – აღნიშნულია “სამართლიანი არჩევნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ანგარიშში, ასევე, წარმოდგენილია სამართლებრივი დევნის 23 შემთხვევა. გამოძიება ძირითადად, საბიუჯეტო რესურსებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაციით მიმდინარეობს.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ შექმნილი სიტუაცია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების აუცილებლობას. რეფორმამ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს თვითმმართველობის რეალური დამოუკიდებლობა და ჩაურევლობა მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მუნიციპალიტეტებში განვითარებული მოვლენების მონიტორინგის მეოთხე, შემაჯამებელ ანგარიში წარმოადგინა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თვითმმართველობებში განვითარებული პოლიტიკური პროცესების, საკადრო ცვლილებების, საპროტესტო აქციებისა და თვითმმართველობის მოხელეთა მიმართ განხორციელებული სამართლებრივი დევნის შესახებ.

“2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 3 აგვისტომდე საქართველოს მასშტაბით გამგებელი 55 მუნიციპალიტეტში შეიცვალა, მათ შორის ცალკეულ მუნიციპალიტეტებში არაერთგზის. გამგებლების შესარჩევად კონკურსი მხოლოდ 19 მუნიციპალიტეტში გამოცხადდა, სხვა შემთხვევაში კი ისინი საკრებულომ დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. „აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში გამგებლების ცვლილებების მეორე ტალღა დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების შემდგომ დანიშნული, ახალი გამგებლების იმპიჩმენტის პროცედურები არაერთ მუნიციპალიტეტში გაიმართა. ადგილი ჰქონდა იძულებასაც. 3 აგვისტოს შემდგომ, ანგარიშის გამოქვეყნებამდე, გამგებელი კიდევ 13 მუნიციპალიტეტში, საკრებულოს თავმჯდომარე სამ მუნიციპალიტეტში, ხოლო მერი ორ ქალაქში შეიცვალა.“ – ამბობს „სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია.

2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 3 აგვისტომდე საკრებულოს თავმჯდომარე 31 მუნიციპალიტეტში შეიცვალა. 26-მა საკრებულოს თავმჯდომარემ საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა პოსტი, ხოლო ექვსი მათგანი საკრებულომ გადააყენა.

2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ 55 მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა ახალი ფრაქციები, რამაც რიგ შემთხვევაში ძალთა ბალანსის შეცვლა და ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბება გამოიწვია.

2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სისტემატურად იმართებოდა საპროტესტო აქციები ადგილობრივი თანამდებობის პირთა გადადგომის მოთხოვნით. სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში მოქალაქეთა პროტესტმა უკანონო ფორმა მიიღო, რაც გამოიხატა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, შენობაში შეჭრაში, სხდომის ჩაშლასა და შენობების ბლოკირებაში. მსგავსი აქციები 40 მუნიციპალიტეტში გაიმართა, 27 შემთხვევაში საპროტესტო აქციამ უკანონო ფორმა მიიღო”- განმარტებულია განცახდებაში.

კომენტარები