დარღვევა დაფიქსირდა შიდა ქართლში, სოფელ სვენეთის საარჩევნო უბანზე, სადაც 23 სექტემბერს საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარედ და მის მოადგილედ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აირჩიეს. სვენეთის საარჩევნო უბანზე გამართული კომისიის სხდომის ოქმი გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილად გამოაცხადა.

ამ დარღვევას ისიც დაემატა, რომ სვენეთში კომისიის სხდომის დამთავრების შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა კომისიის წევრები გორამდე მანქანით წამოიყვანა. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, კოორდინატორმა განაცხადა: „მე რა ვიცოდი, თუ ეს არ შეიძლებოდა. მოვდიოდი მანქანით და წამოვიყვანე, აქ კი ერთი ამბავი ატყდა. თუ ეს დანაშაული იყო, არ ვიცოდი. თანაც ჩემი ბიძაშვილია“.

არასამთავრობო ორგანიზაციები ზეწოლად აფასებენ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის მისვლას და ოპოზიციურად განწყობილი თანამშრომლებისადმი მიმართვას, თანამდებობის დატოვების შესახებ. ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების” (ISFED), “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ (TI) და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

სექტემბრის დასაწყისში, კასპის მაჟორიტარმა დავით ონოფრიშვილმა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ახალი გამგებელი წარუდგინა. მათთან ერთად შეხვედრაზე მივიდა „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის უფროსი რამაზ ბერიანიძე, რომელმაც მაგიდაზე მუშტის ცემით, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს განუცხადა: „ვიცით, აქ ძველი შემორჩენილები ხართ და ვიღაცას თუ გინდათ ისევ ერთი კაცის ბელადის მონები იყოთ, თქვენი ოჯახებით გადადით იმ ნაციონალურ მოძრაობაში. ვიდრე ახალი გამგებელი ოპტიმიზაციას გამოაცხადებს , ის ვინც აქ უბრალოდ ყავის დასალევად დადიხართ, თქვენ თვითონ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და წახვიდეთ“.

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის ნინო ლომჯარიას განცხადებით, „აშკარაა პარტიის მხრიდან ზეწოლა თვითმმართველობის თანამშრომლებზე“ და იგი აღნიშნულ ფაქტს საარჩევნო დარღვევების შემსწავლელ უწყებათაშორის კომისიას მიაწვდის.

გასული კვირის დასაწყისში ხმაური იყო უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზეც, სადაც მცირე ინციდენტი მოხდა „ნაციონალური მოძრაობის” წევრ თინათინ ბოკუჩავასა და “ქართული ოცნების” წარმომადგენელ ირინა იმერლიშვილს შორის. იმერლიშვილის თქმით, ბოკუჩავას მიერ წარმოდგენილ საკითხებზე კომისიამ უკვე რამდენჯერმე იმსჯელა. ბოკუჩავამ კი სხდომას „სამარცხვინო“ უწოდა და განაცხადა, რომ ასეთ პირობებში აზრი არ ექნება „ნაციონალური მოძრაობის“ ამ კომისიაში მონაწილეობას, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობას“ კომისია არ დაუტოვებია.

ურნალისტური საქმიანობის ხელშეშლაში ადანაშაულებს Tspress – ი, პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის ფოთის შტაბის წარმომადგენლებს.

TSpress-ის ინფორმაციით, მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების მიზნით შტაბში მისულ TSpress-ის ჟურნალისტ იზა სალაყაიას ოფისში დახვდნენ შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კაკულია და მაჟორიტარ ეკა ბესელიას ბიუროს წარმომადგენელი ზურაბ ჩაჩუა. ჩაჩუამ „უმიზეზოდ და უკომენტაროდ“ უარი თქვა ინფორმაციის გაცემაზე, ხოლო კაკულიამ Tspress-ის მისამართით განაცხადა, რომ „შეკვეთებს ასრულებს“ (ვიდეო) და ჟურნალისტურ საქმიანობასაა ამოფარებული, თუმცა ვერ დააკონკრეტა ვისგან იღებს შეკვეთებს მედია-ორგანიზაცია.

TSpress-ის რედაქტორის ელისო ჯანაშიას თქმით, „მაჟორიტარის და მისი ბიუროს წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი საქციელი “ზეწოლის კლასიკური მაგალითია.” ჯანაშია პოლიტიკურ ორგანიზაციებს კანონის ფარგლებში ქმედებისკენ მოუწოდებს.

პრემიერ-მინისტრი საარჩევნო აგიტაციით იყო დაკავებული საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში, სადაც საჭიდაო მოედანი გახსნა. გიორგი მარგველაშვილი ადგილზე არ იმყოფებოდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილი მისი მხარდაჭერისკენ ამომრჩეველს აქტიურად მოუწოდებდა.

„მოკლედ გაგაცნობთ პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც ჩემი მეგობარია, ძალიან საყვარელი, ძალიან მაგარი ქართველია, ძალიან მაგარი ნიჭიერი კაცია – გიორგი მარგველაშვილი. გიორგის აქვს ყველა ის თვისება, თქვენ რომ გაგიხარდებათ. გიორგის აქვს ის ჯიგარი, რაც თქვენ გიყვართ, რაც ჭიდაობასაც სჭირდება, რაც სჭირდება ყველაფერს. ჯიგრის გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებ. არ დაიზაროთ 27-ში და აუცილებლად მოდით“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ პირდაპირი მოწოდებები არ გაუკეთებია თამარ სანიკიძეს, თუმცა განათლების მინისტრი პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად სტუდენტებს „მთაწმინდის პარკში“ შეხვდა. შეხვედრას 150-მდე სტუდენტი დაესწრო. გიორგი მარგველაშვილმა მთავარ ვალდებულებად ახალგაზრდებისთვის ხუთ წელიწადში ევროპული ქვეყნის გადაბარება დაასახელა.

გიორგი მარგველაშვილმა თამარ სანიკიძესთან ერთად განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებიც შეაფასა. კოალიციის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალში უნდა მოხდეს განათლების ლიბერალიზაცია და სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებების გამოყოფა.

„იმედი მაქვს, თქვენ იქნებით ამ პროცესის აქტიური თანამონაწილეები. ჩემი ვალდებულებაა, თქვენმა თაობამ პოლიტიკურად გადაიბაროს ეს ქვეყანა და დავეხმარო ჩემს კოლეგებს ბევრად უფრო წარმატებული საგანმანათლებლო სივრცის შექმნაში“, – მიმართა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს.

დეპუტატები სოსო ჯაჭვლიანი, ზურაბ ზვიადაური და შოთა ხაბარელი ახლდნენ გიორგი მარგველაშვილს ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრას გარდაბანში.

გიორგი მარგველაშვილს ადგილობრივი აქსაკალი ასლან მირზოევი და მოლა ვაგიფ შახერდიევი დახვდნენ, გარდაბნის მაცხოვრებლებს კოალიციის კანდიდატი ადგილობრივმა უხუცესმა სეით იახია მირეევმა წარუდგინა. მარგველაშვილმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და საზოგადოებას მისი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.

გარდაბნის მოსახლეობას ბოლო 20 წლის განმავლობაში, წყალმომარაგების, გაზიფიკაციის და ელექტროენერგიის პრობლემები აწუხებს. კოალიციის კანდიდატი გარდაბნელებს პრობლემების მოგვარებას დაპირდა: „2015 წლისთვის მთელი საქართველოს მაშტაბით დასრულდება გაზიფიკაცია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარდაბანში მანამდე არ მოგვარდება ეს პრობლემა. 2014 წელს, როცა საბოლოოდ დასრულდება კოჰაბიტაცია, დაიწყება სერიოზული ეკონომიკური გაძლიერება.“

სოციალური საკითხები იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის მთავარი თემა ამომრჩეველთან შეხვედრისას. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მოუწოდებს ყველა იმ ადამიანს, ვინც თვლის, რომ ეკუთვნოდათ და ვერ მიიღეს კომპენსაცია ან სასოფლო–სამეურნეო ბარათები, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ოფისებს მიმართონ.

დავით ბაქრაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა: „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ოფისებში ჩვენ შევადგენთ სიებს, გამოვიყვანთ საბოლოო ხარჯთაღრიცხვას და მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვის დროს პარლამენტში, საპარლამენტო უმცირესობა დააყენებს საკითხს, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნეს დამატებითი თანხა და ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც ეკუთვნოდა სასოფლო–სამეურნეო ბარათი ან სტიქიის კომპენსაცია და სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მიიღო ეს თანხა, უკვე მომავალ წელს ბიუჯეტში გამოყოფილი თანხიდან აუნაზღაურდეთ ზარალი და მიიღონ ის რაც მათ ეკუთვნოდათ“

კახეთში სასოფლო – სამეურნეო ბარათი რამდენიმე ათასმა ადამიანმა ვერ მიიღო, რის გამოც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ პრეზიდენტობის სხვადასხვა კანდიდატებთან შეხვედრისას. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, იმ ადამიანებმა, ვინც „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში სასოფლო – სამეურნეო ბარათები აქამდე ვერ მიიღეს, ვაუჩერებს ვეღარ მიიღებენ.

ნინო ბურჯანაძემ „ყურძნის ფასი“ და საპრეზიდენტო არჩევნები ერთმანეთს დაუკავშირდა ყვარელში გამართულ შეხვედრაზე:„არ მინდა, რომ ეს საპრეზიდენტო ფასი იყოს, რომელიც წელს გაახსენდათ და გაისად ისევ დაავიწყდებათ“. მისი გამარჯვების შემთხვევაში, ბურჯანაძე ამომრჩეველს რუსეთის ბაზრის სტაბილურად გახსნას დაპირდა.

გასული კვირის ბოლოს, პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე ამომრჩევლებს ყვარელში შეხვდა. მისი თქმით, იმაზე, რაც ახლა შიდა ქართლის კონფლიქტისპირა სოფლებში ხდება, პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, რომელმაც ქვეყანა წინასწარ წაგებულ ომში ჩართო.

შეხვედრაზე მისულმა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ყვარელში შეკრებილებს მოუწოდა დაეფიცებინათ, რომ ნინო ბურჯანაძეს მისცემდნენ ხმას. ბურჯანაძემ მას საუბარი შეაწყვეტინა და მადლობა გადაუხადა.

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევა სამარცხვინოა და საპრეზიდენტო კანდიდატების რეალურ რეიტინგს არ ასახავს. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, NDI ცდილობს, საზოგადოება არჩევნების გაყალბებას შეაგუოს.

აშშ-ის ეროვნულ – დემოკრატიულმა ინსტიტუტიმა (NDI), 26 სექტემბერს გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, კითხვაზე – ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად, პირველ ადგილზე 39%-ით გიორგი მარგველაშვილი გავიდა. მეორე ადგილზე 18%-ით დავით ბაქრაძე, მესამეზე კი – 7%–ით ნინო ბურჯანაძე.

გასულ კვირაში, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ვიდეო-გამოკითხვები ჩაატარა ახმეტასა და ლაგოდეხში და რესპოდენტებს კითხვით მიმართა: პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს უჭერთ მხარს.

ახმეტაში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხვაში 57 რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხულთაგან 19 ადამიანი ხმას გიორგი მარგველაშვილს აძლევს, 3 ნინო ბურჯანაძეს, 4 რესპოდენტი მხარს დავით ბაქრაძეს უჭერს, 1 ნინო ბურჯანაძეს ან გიორგი მარგველაშვილს, 1 დავით ბაქრაძეს ან შალვა ნათელაშვილს. 7 რესპოდენტი ხმას არავის არ აძლევს, 9 ადამიანმა საკუთარი არჩევანი არ გაამხილა, 13-მა კი აღნიშნა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია ხმას ვის მისცემს.

ლაგოდეხში გამოკითხული 40 რესპოდენტიდან, 15 ადამიანი ხმას გიორგი მარგველაშვილს აძლევს, 1 ნინო ბურჯანაძეს ან გიორგი მარგველაშვილს. 2 რესპოდენტი მხარს დავით ბაქრაძეს უჭერს, 1 შალვა ნათელაშვილს. 5 რესპოდენტი ხმას არავის არ აძლევს, 10-მა ადამიანმა საკუთარი არჩევანი არ გაამხილა, 6-მა კი აღნიშნა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია ხმას ვის მისცემს.

გასულ კვირაში დასრულდა პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცესკოში 23 პრეზიდენტობის კანდიდატია რეგისტრირებული: მიხეილ სალუაშვილი, ნესტან კირთაძე, შალვა ნათელაშვილი, სერგო ჯავახიძე, გიორგი ლილუაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ლევან ჩაჩუა, ავთანდილ მარგიანი, გიორგი თარგამაძე, კობა დავითაშვილი, დავით ბაქრაძე, ზურაბ ხარატიშვილი, თეიმურაზ მჟავია, გიორგი ჩიხლაძე, ნუგზარ ავალიანი, აკაკი ასათიანი, ნინო ჭანიშვილი, თეიმურაზ ბობოხიძე, ქართლოს ღარიბაშვილი, მამუკა ჭოხონელიძე, თამაზ ბიბილური, მამუკა მელიქიშვილი.

პრეზიდენტობის კანდიდატს საკუთარი კანდიდატურის მოხსნა 10 ოქტომბრამდე შეუძლია. ამის შემდეგ, საარჩევნო ბიულეტენში ყველა დარჩენილი კანდიდატის სახელი და გვარი დაფიქსირდება.

ამავე თემაზე:

პრეზიდენტის არჩევნები – ბიულეტენი N1

კომენტარები