“ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ მხარის გუბერნატორ თენგიზ გუნავასთან ერთად, ფოთში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე “ქართული ოცნების” შეუსრულებელ დაპირებებსა და “მცოცავ ოკუპაციაზე” ისაუბრა. საკუთარ საპრეზიდენტო პროგრამაზე კი არაფერი უთქვამს.

“მნიშვნელოვანი დაპირებებიდან პრაქტიკულად არაფერი არ შესრულდა. 83 დაპირება იყო, აქედან 76 შეუსრულებელია, მათ შორის, ძალიან კარგი დაპირება იყო: გაზი 20 თეთრი, ელექტროენერგია ნახევარ ფასით, ბენზინის 1 ლარით გაიაფება, მაგრამ არ შესრულდა. დადიოდა ოპოზიცია და იძახოდა, ბენზინი ძვირი ღირს იმიტომ, რომ ლარი მიდის სააკაშვილის ჯიბეში, ახლა ხომ იგივე ღირს? ახლა ვიარო და ვიძახო, ის ლარი მიდის ივანიშვილის ჯიბეში და ამიტომ არ იაფდება-მეთქი? მაგრამ ახლა ამის ნაცვლaდ ვიტყვი, რომ რადგან ვერ გააიაფეთ, ის ათასლარიანი ვაუჩერი დააბრუნეთ, რომელსაც ჩვენ ვაძლევდით ხალხს”- განაცხადა შეხვედრაზე “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ.

მან “ქართული ოცნების” გუნდი საკადრო პოლიტიკისა და ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო გააკრიტიკა. ბაქრაძის განცხადება, რომ მთავრობა “ნაციონალური მოძრაობის” მხარადჭერის გამო ადამიანებს სამსახურიდან გათავისუფლებასა და სოციალური დახმარების შეწყვეტით ემუქრება, იქ შეკრებილებმაც დაუდასტურეს.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა გადაწყდეს, ეყოლება თუ არა მთავრობას მაკონტროლებელი.

-“ვიღაცამ უნდა მოთხოვოს დაპირების შესრულება, საქმის გაკეთება, დღეს, რომ ამბობენ ერთი გუნდი რომ ვიქნებით ყველაფერს გავაკეთებთო, არ დაიჯეროთ! ადამიანს მთავრობაში კი არა, ოჯახში თუ არ აკონტროლებ, არ გაგიკეთებს არაფერს”- განმარტა ბაქრაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს “უფრო მეტის არგაკეთება” ყოფილ ოპოზიციის ბრალია. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ძლიერი ოპოზიციის პირობებში, ხელისუფლებაში ყოფნისას უფრო მეტს გააკეთებდნენ.

“ჩვენც ბევრი რამ რატომ ვერ გავაკეთეთ იცით? ოპოზიცია გვყავდა ისეთი, რომელიც სულ იძახოდა: გადადექი-გადმოდექი. ყოველ გაზაფხულზე აქცია, კარავი… მაგათ რომ ჩვენთვის ქუჩის გადაკეტვის ნაცვლად ეძახათ, დევნილებს, სოფელს მიხედეთო, ქარხანა გახსენითო, უფრო მეტს გავაკეთებდით”- განაცხადა ბაქრაძემ.

შეხვედრის ძირითადი ნაწილი ქვეყნის ტერიტორულ მთლიანობას, ოკუპაციას და საგარეო პოლიტიკას დაეთმო. ბაქრაძემ ამომრჩევლებს მოუწოდა, ხმას ისეთ საპრეზიდენტო კანდიდატს მისცენ, ვისი იმედი და რწმენაც ექნებათ, ვისაც საერთაშორისო კავშირები აქვს და “კონტაქტების ძიება ხელსიუფლებაში მოსვლის შემდეგ არ მოუწევს”

ფოთში, დავით ბაქრაძე 50-მდე მხარდამჭერს დევნილთა ახალ რაიონში შეხვდა. 30-მდე აქტივისტი მას მის საარჩევნო შტაბში დახვდა. შტაბში მისვლისას მან მხარადმჭერთა რაოდენობა და საარჩევნო შტაბის მუშაობა მოიწონა.

“როგორც ჩანს, ფოთში შტაბი გამორჩეულად და აქტიურად მუშაობს.”- აღნიშნა მან.

ორივე შეხვედრაზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ჯგუფები, ხელმძღვანელობასთან ერთად იყვნენ მობილიზებულები.

შსს სამმართველოს უფროსის, ზურაბ ალანიას განმარტებით, მისი ვალდებულება უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვაა.

ფოთში ვიზიტისას საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ გუბერნატორთან ერთად საკათედრო ტაძარიც დაათვალიერა. მამა თევდორემ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ტაძრის მშენებლობისთვის მას პირადად და მრევლის სახელით მადლობა გადაუხდა.

ამავე თემაზე:

დავით ბაქრაძის მხარდამჭერი – ერთ დროს თინა ხიდაშელი მომწონდა [Video]

ბაქრაძის ფოთელი მხარდამჭერები [Video]

დავით ბაქრაძე ოპონენტებს წინასაარჩევნო კამპანიის ერთი დღით შეწყვეტას სთავაზობს [Video]

კომენტარები