„ქართული ოცნებიდან“ პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში სკოლის მოსწავლეები დაახვედრეს. პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრა, სკოლის წინ, 13:30 საათზე იყო დაანონსებული, ავშვები სკოლის გარეთ 12:30 საათიდან შეიკრიბნენ, რის გამოც ზოგიერთ კლასში სასწავლო პროცესი ჩაიშალა.„მასწავლებელმა გვითხრა, ბიძინა ივანიშვილი მოდისო და ჩვენით წამოვედით“, – აღნიშნეს ბავშვებმა.

ყარაჯალას შემდეგ, პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩევლებს თელავში ბიძინა ივანიშვილთან ერთად შეხვდა. 14:00 საათისთვის, „ქართუ ბანკის“ თელავის ფილიალის წინ, კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან მარშუტკებით ჩამოყვანილმა მოქალაქეებმა დაიწყეს შეკრება, მათ შორის იყვნენ საჯარო სკოლების პედაგოგები.კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ახმეტიდან, გურჯაანიდან, ყვარლიდან, სიღნაღიდან, ლაგოდეხიდან და კახეთის სხვა რაიონებიდან მასწავლებლები თელავში „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციების ორგანიზებით ჩავიდნენ. პრემიერის და პრეზიდენტობის კანდიდატის დასახვედრად თითო სკოლიდან 10 – 15 მასწავლებელი წაიყვანეს.თელავში შეხვედრას ესწრებოდნენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებიც, მათ შორის პრორექტორი დავით მახაშვილი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გიორგი მარგველაშვილს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე ბავშვები და პედაგოგები დაახვედრეს. 22 აგვისტოს, ყვარელში გამართულ შეხვედრაზე, როცა „ქართული ოცნების“ მაისურებში გამოწყობილი ბავშვები „გი–ორ–გი, გი–ორ–გის“ სკანდირებდნენ, მარგველაშვილმა მათ მიმართა: „გიორგი იქნება თუ სხვა ვინმე იქნება, ამ საქართველოს უნდა ემსახუროს, მომავალში დაიძახეთ საქართველო. იყვირეთ საქართველო, იცხოვრეთ საქართველოთი“

იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი წინასაარჩევნოდ ბავშვების გამოყენებას თითქოს გაემიჯნა, „ქართული ოცნების“ მაისურებში გამოწყობილი მცირეწლოვანი ბავშვები მას მომდევნო შეხვედრებზეც დაახვედრეს სიღნაღსა და გურჯაანში.9 სექტემბერს, მარგველაშვილმა შეხვედრები ველისციხეში, გურჯაანსა და საგარეჯოში გამართა. მარგველაშვილს ველისციხეშიც ძირითადად პედაგოგები და საჯარო მოსამსახურეები დაახვედრეს.

პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის წნორის საარჩევნო შტაბის წევრის გიორგი ჯანაშვილის განცხადებით, წნორის N1 საჯარო სკოლიდან 15-მდე პედაგოგი, 30 სექტემბერს, თელავში, გიორგი მარგველაშვილის დასახვედრად წაიყვანეს, რის გამოც რამდენიმე კლასში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. „დაახლოებით 10-15 პედაგოგი წაიყვანეს თელავში, მარგველაშვილთან შესახვედრად. რამდენიმე კლასის ბავშვებს მხოლოდ სამი გაკვეთილი ჩაუტარდათ და სასწავლო პროცესი ჩაიშალა“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგი ჯანაშვილმა.

სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ლია ბეჟაშვილის განცხადებით, სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს და არცერთი მასწავლებელი პრეზიდენტობის კანდიდათან შესახვედრად არ წასულა. „მობრძანდით და შეამოწმეთ თუ გნებავთ. არცერთი გაკვეთილი არ გაცდენილა და ყველა მასწავლებელი ადგილზეა. როგორ ფიქრობთ, 15 მასწავლებელს ისე წაიყვანდნენ რომ მე არ მეცოდინებოდა? დღეს ვიყავი მისული სწორედ მაგ სკოლაში და ყველაფერი რიგზე იყო“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლია ბეჟაშვილმა.

ბურჯანაძის კახეთის რეგიონული საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ვალერი შოშიაშვილის განცხადებით, სააგიტაციო მასალის განთავსებაში გასულ კვირაში ხელი შეუშალეს. მისი თქმით, 30 სექტემბერს დილიდან ცდილობდნენ თელავის შესასვლლეში მდებარე ბილბორდებზე ნინო ბურჯანაძის საარჩევნო პლაკატები განთავსებას, მაგრამ თელავის გამგეობის თანამშრომელმა ზურაბ ელანიძემ იმ ავტომანქანის მძღოლებზე ზეწოლა განახორციელა, რომლებსაც პლაკატები უნდა გაეკრათ.

„ორი ე.წ. „კალათა“ მოვიყვანეთ, რომელზეც უნდა დადგნენ მუშები და გააკრან ეს პლაკატები, მაგრამ ორივე მძღოლს ჩემს თვალწინ დაურეკა ელანიძემ და სხვა დავალება მისცა. გიორგი მარგველაშვილი მოდის და როგორც ჩანს, არ უნდათ, რომ ბურჯანაძის დიდი პლაკატი დახვდეს“ – აღნიშნა ვალერი შოშიაშვილმა 30 სექტემბერს კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა ზურაბ ელანიძემ ვალერი შოშიაშვილის ბრალდება უარყო.

მარგველაშვილი ახერბაიჯანელებს კახეთში, ხოლო ნინო ბურჯანაძე კასპში შეხვდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანული სოფლის წარმომადგენელმა შეხვედრაზე მყოფ დედებს ნინო ბურჯანაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა:“ჩვენთან აზერბაინელებში, მუსლიმებში ასეთი გამონათქვამია, რომელსაც ყურანში მუჰამედი ამბობს: სამოთხე დედის ფეხქვეშაა, იმიტომ, რომ ბავშვი დედამ 9 თვე ატარა მუცლით, უძილო ღამეები დედამ გაათენა. მშობლები რომ დაგიძახებენ, პირველი დედასთან უნდა მიხვიდეო. აქ ბევრი ქალბატონები ბრძანებით, დები, რძლები და ამიტომ გთხოვთ ღირსეულ დედას, ქალბატონ ნინოს დავუჭიროთ მხარი”

შეხვედრაზე ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფლების – ქვემო ჭალის და საკორინთლოს მცხოვრებლებიც იმყოფებოდნენ. მათი თქმით, ნინო ბურჯანაძის მხარდაჭერა რუსეთთან ურთიერთობების ოგვარების მიზნით გადაწყვიტეს.

,,თუ მეზობელთან აწყობილი არა გაქვს ურთიერთობა, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ ყოველდღიური უსიამოვნება გექნება, მით უმეტეს, როცა ლაპარაკია ამხელა მეზობელთან. ქარხანა ვერ იმუშავებს ისე, თუ მისი პროდუქცია ჩაკეტილია და ბაზარი გახსნილი არაა. აი, ეს არის ის პრობლემები, რომლის მოგვარება თქვენ ოდნავ შვებას მოგცემთ” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გასულ კვირაში, პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ამომრჩევლებს ფოთში შეხვდა. ბაქრაძეს ფოთში, დევნილთა ახალ რაიონში 50-მდე დევნილი ტაშით შეხვდ. “რა გააკეთა”ოცნებამ? 83 დაპირებიდან მხოლოდ 6 შეგვისრულა. მაგათ ხმას როგორ მივცემ?!” – აღნიშნა ბაქრაძის ერთ-ერთმა მხარადამჭერმა.

“როცა ამბობენ გზები, ასფალტი, დენი არაფერი არააო, მათ ვეუბნები – ახლა გაგითიშავთ ელექტროენერგიას და მერე უკეთ დააფასებთ-მეთქი. ქართველებმა დაფასება არ ვიცით” – TSpress-თან საუბრისას აღნიშნა შეხვედრაზე მყოფმა დევნილმა ჯემალ მიქელაძემ, რასაც პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის რეპლიკა მოყვა: “გათიშვა აღარაა საჭირო, უკვე ისედაც ითიშება ყოველდღიურად!“

“ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბის გახნისა და მხარდამჭერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძეს ერთ-ერთმა მოქალაქემ ვახტანგ ხაინდრავამ, ფოთში კინოთეატრის არარსებობის გამო უსაყვედურა. მან პრეზიდენტობის კანდიდატს “გაუკეთებელი საქმეებიც” შეახსენა, მაგრამ კინოთეატრის გარდა, ვერაფერი დაასახელა.

დავით ბაქრაძისთვის დაუშვებელია „დისკრიმინაცია, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა ნებისმიერ ნიადაგზე.რჩება რა ერთგული საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული შეხედულებებისა საოჯახო ურთიერთობების არსის შესახებ, იგი გმობს ძალადობისა და ქსენოფობიის გამოვლენას სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა მიმართ”

ასეთი პასუხი გასცა დავით ბაქრაძემ კითხვაზე რას ფიქრობენ აპრეზიდენტო კანდიდატები „სექსუალურ უმცირესობათა უფლების დაცვასა და ქვეყნის საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფის საკითხზე“. პრეზიდენტობის კანდიდატების გამოკითხვა გამოაქვეყნა „ნიდერლანდების ინსტიტუტმა მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ (NIMD) ვებ-გვერდზე prezidenti.ge.

„ქრისტიან – დემოკრატიული მოძრაობიდან“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი თარგამაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს კონკრეტული ადამიანების სექსუალური ორიენტაციის დადგენასა და მათ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაზე. მისთვის მიუღებელია „ერთსქესიანთა ქორწინება და წყვილების მიერ ბავშვების შვილად აყვანა“.

ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია პრეზიდენტობის კანდიდატი „საქართველოს ევროპელი დემოკრატებიდან“ ზურაბ ხარატიშვილიც, თუმცა მიაჩნია, რომ არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაცია არ უნდა გამოცხადდეს სისხლის სამართლის დანაშაულად, რადგან ეს ყველაფერი ადამიანის პირად ცხოვრებას განეკუთვნება და სახელმწიფოს და პოლიტიკის საქმე არ არის.

„ლეიბორისტული პარტიიდან“ პრეზიდენტობის კანდიდატის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, სექსუალური ორიენტაციის ქუჩაში დემონსტრირება არასწორია. მისივე თქმით, წინააღმდეგია ყოველგვარი ძალადობის.

პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ გელა სალუაშვილი, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელს ცოდვის ჩამდენად მიიჩნევს. „საქართველოს ყოველი მოქალაქე, მიუხედავად მისი აფიშირებული თუ დაფარული სექსუალური ორიენტაციისა, თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდეს. ქრისტიანული ზნეობრივ-მორალური პრინციპებიდან გამომდინარე, საჭიროა ვებრძოლოთ ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ცოდვას და არა ამ ცოდვის ჩამდენ პირს“, – ამბობს მიხეილ –გელა სალუაშვილი.

„კოალიცია ქართული ოცნებიდან“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, უმცირესობათა უფლებების დაცვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ამა თუ იმ ნიშნით ადამიანის დევნა, შევიწროება და დისკრიმინაცია.

ნინო ბურჯანაძის თქმით, „ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები საქართველოში კონსტიტუციით გარანტირებული ისეთივე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ და ისეთივე მოვალეობები უნდა გააჩნდეთ, როგორც ტრადიციული ორიენტაციის მოქალაქეებს“.

გიორგი ჩიხლაძე, სერგო ჯავახაძე და აკაკი ასათიანი, რომლებიც პრეზიდენტობის კანდიდატები არიან საინიციატივო ჯგუფებიდან, ამბობენ, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებები დაცული უნდა იყოს.

„სახალხო პარტიიდან“ პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ მჟავია კი მოცემულ კითხვას „სექსუალურ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს ჩარჩოს კონვენციის“ მიხედვით პასუხობს და აცხადებს, რომ „არავის აქვს უფლება უხეშად ჩაერიოს არჩევანში, რაც ჩემი აზრით, იმასაც ითვალისწინებს, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა სხვადასხვა ფორმით არ მოითხოვონ ე.წ. სექსუალური უმრავლესობისგან მათი არჩევნის უპირობოდ აღიარება. ეს დებულება დათქმის სახით ცალსახადაა დაფიქსირებული ზემოთ აღნიშნულ საკანონმდებლო აქტში“.

გასულ კვირაში, პრეზიდენტობის კანდიდატებს რიგითი ნომრები მიენიჭათ: თამაზ ბიბილური – 1, გიორგი ლილუაშვილი – 2, სერგო ჯავახიძე – 3, კობა დავითაშვილი – 4, დავით ბაქრაძე – 5, აკაკი ასათიანი – 6, ნინო ჭანიშვილი – 7, თეიმურაზ ბობოხიძე – 8, შალვა ნათელაშვილი – 9, გიორგი თარგამაძე – 10, ლევან ჩაჩუა – 11, ნესტან კირთაძე – 12, გიორგი ჩიხლაძე – 13, ნინო ბურჯანაძე – 14, ზურაბ ხარატიშვილი – 15, მიხეილ სალუაშვილი – 16, ქართლოს ღარიბაშვილი – 17, მამუკა ჭოხონელიძე – 18, ავთანდილ მარგიანი – 19, ნუგზარ ავალიანი – 20, მამუკა მელიქიშვილი – 21, თეიმურაზ მჟავია – 22, გიორგი მარგველაშვილი – 41.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით რამდენიმე პრეზიდენტობის კანდიდატმა პირადად მიიღო წილისყრაში მონაწილეობა და საკუთარი რიგითი ნომერი თავადვე გამოავლინა.

ამავე თემაზე:

პრეზიდენტის არჩევნები – ბიულეტენი N1

პრეზიდენტის არჩევნები – ბიულეტენი N2

კომენტარები