“ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრას ფოთში, რომელსაც საჯარო სამსახურში დასაქმებულებიც ესწრებოდნენ ცესკოს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. კოალიციის ადგილობრივმა წარმომადგენელმა ეს ფაქტი დაადასტურა. ექსპერტები კანონდარღვევაზე და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობენ.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში, ვილნიუსის სამიტზე ხელი მოეწერება ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობებს, რაც რეალურად გაზრდის ფოთის პორტში ტვირთბრუნვას და ეს იქნება ახალი ეკონომიკური პროექტი.

გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა ფოთის მეორე საჯარო სკოლის ეზოში მდებარე, სპორტულ დარბაზში 7 ოქტომბერს გაიმართა, რომელსაც რამდენიმე საბავშვო ბაღისა და სკოლის, საუბნო საარჩევნო კომისიის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შპს – ების თანამშრომლები ესწრებდნენ. მათ შორის, შპს “ინფარსტრუქტურა 2008” – ის, “კოლხეთი 1913” – ის, საგამოფენო დარბაზსა და სახელოვნებო და ფოლკლორულ ცენტრში დასაქმებულები.

“რესპუბლიკური პარტიის” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ საჯარო სამსახურში დასაქმებულების ყოფნა დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებით,თანამშრომლები შეხვედრაზე საკუთარი სურვილით იმყოფებოდნენ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის მაგდა მენაბდეს თქმით, მმართველმა გუნდმა ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა: „სამუშაო საათის დროს შეხვედრაზე იყო, რამდენიმე სკოლის დირექტორი, საბავშვო ბაღების თანამშრომლები, თვითმმართველობის დაფუძნებული შპს – სა და აიპი – ების წარმომადგენლები, რაც არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“. ნინო ბურჯანაძის ფოთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სევერიან შენგელიას განცხადებით კი, შეხვედრის გამო, რამდენიმე საჯარო სკოლაში სწავლაც შეწყდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ლელა ტალიურის განმარტებით, კანონის მიხედვით, საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება, მერის გარდა, ეკრძალება საჯარო მოხელეს. მისი თქმით, საბიუჯეტო სამსახურებში დასაქმებულთაგან ყველა საჯარო მოხელედ არ ითვლება. იურისტი განმარატვს, რომ დასადგენია, თუ რა სახით და რა დროს მონაწილეობდნენ ისინი საარჩევნო კამპანიაში.

მარგველაშვილმა ფოთში, ისევე როგორც ამომრჩევლებთან სხვა შეხვედრებისას, გაიხსენა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მისი განათლების მინისტრად მუშაობის პერიოდში განხორციელებულ “უფასო წიგნების” პროგრმა და აღნიშნა, რომ პროექტი თითოეული ოჯახის ეკონომიკურ პირობებზე დადებითად აისახა.

პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, გასულ კვირაში ბიძინა ივანიშვილთან ერთად პრემიერ-მინისტრის „მშობლიურ იმერეთში“ იმყოფებოდა. ისევე როგორც ფოთში, ქუთაისშიც ამომრჩეველთან შეხვედრასაც ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები სამუშაო საათებში ესწრებოდნენ.

გასულ კვირაში, პრეზიდენტობის კანდიდატმა დაპირებები მისცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. გიორგი მარგველაშვილი „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ ეტლით მოსარგებლეთა აქტიური რეაბილიტაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის სასწავლო ცენტრს ესტუმრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მომავალ ადმინისტრაციას სპეციალური წარმომადგენელი ეყოლება, ვინც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებზე იმუშავებს.

გიორგი მარგველაშვილი შიდა ქართლში, სოფელ დოესის მოსახლეობას პირადად არ შეხვედრია, მაგრამ მის საპრეზიდენტო პროგრამაზე მოსახლეობას პირადად ესაუბრა „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი რამაზ ბერიანიძე. ბერიანიძემ მოსახლეობას მოუწოდა გამოიჩინონ აქტიურობა და სოფლის საჭიროებების შესახებ საკითხი დააყენონ ადგილობრივ ხელისუფლებაში.

წინასაარჩევნო პერიოდში, ამა თუ იმ პროექტის განხორციელებაზე პირდაპირი დაპირებები ბერიანიძეს არ გაუცია, თუმცა დოესელებთან „ქართული ოცნების“ სააგიტაციო კამპანია აწარმოა, სოფლის გამგებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე ბარათების არასრულყოფილად დარიგებაში დაადააშაულა და საკრეულოს ზოგიერთ წარმომადგენლებსაც „წურბელები“ უწოდა.

შალვა ნათელაშვილი მევენახეების საპროტესტო აქციას შეუერთდა, ყვარელში. სოფელ შილდაში, შპს „შილდის“ ღვინის ქარხანასთან მევენახეებმა აქცია გასულ კვირაში გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, 2 კვირის წინ ქარხანაში ყურძენი ჩააბარეს და ფული დღემდე არ აუღიათ.

ნათელაშვილმა ღვინის ქარხნის ხელმძღვანელობას თანხების დაუყოვნელივ გადახდა მოსთხოვა და დასძინა: „მინდა მთელმა საქართველომ ნახოს, აი, რა სანიმუშო რთველი ჩაატარა ბიძინა ივანიშვილმა კახეთში. აი, ეს ხალხი გაწამებულია, წამების შემოდგომა დაუყენეს, არ აძლევენ იმ ჩაბარებული ყურძნის მათხოვრულ ფულსაც კი“. შპს „შილდის“ ღვინის ქარხნის დირექტორმა ყურძნის ჩამბარებლებისთვის ერთ კვირაში დავალიანების სრულად დაფარვის პირობა დადო.

დავით ბაქრაძის ამომრჩეველთან შეხვედრას ინციდენტი მოყვა ბათუმში. „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატთან მიახლოვებას და ცხრაწლიან „სისხლიან რეჟიმზე“ კითვების დასმას ცდილობდა სამი პოლიტპატიმრის სტატუსის მქომე პირი, თუმცა ისინი ბაქრაძეს ახლოსაც არ გააკარეს და დააკავეს. ბაქრაძემ მოგვიანებით აღნიშნა, რომ „შეკითხვის დასმის პრობლემა“ არა აქვს, მაგრამ შეკითხვის დასმა არ ხდება „შეურაცხყოფით, პოლიციელებზე გადმოხტომითა და ლანძღვა-გინებით”.

კომენტარები