„გამოძიების საქმიანობაში ვერ ჩავერევი, მაგრამ მე რომ გამოძიებელი ვიყო, დავკითხავდი სააკაშვილს,“ – აცხადებს გიორგი ჟვანია ძმის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე საუბრისას.

გიორგი ჟვანიას მტკიცებით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას წინ უძღოდა დაპირისპირება და პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძის თემური ალასანიას არაერთი მუქარა ზურაბ ჟვანიას მიმართ.

„უშუალოდ სააკაშვილის ოჯახის წევრებისგან იყო მუქარები. თემურ ალასანია არაერთხელ დაიმუქრა ზურას მისამართით სხვადასხვა წრეებში… ზურას მიუგზავნა თემურ ალასანიამ ადამიანი, რომელიც მის მოქრთამვას ცდილობდა და ამას კანცელარიაში დიდი სკანდალი მოჰყვა. სერიოზული დაპირისპირებები რომ იყო, ეს არის ფაქტი. ამით ისარგებლა გარკვეულმა ჯგუფმა და ესეც არის ფაქტი,“- განაცხადა გიორგი ჟვანიამ ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

მისივე თქმით, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი 9 წლის განმავლობაში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის დეტალების გაყალბებას ინტენსიურად ცდილობდნენ.

„ამჟამინდელი პრეზიდენტის მიმართ, სულ ცოტა, ჩნდება შეკითხვა: რატომ ცდილობდა საქმის მასალების გაყალბებას და რატომ აფარებდა მკვლელებს ხელს,“- აცხადებს გიორგი ჟვანია.

კომენტარები