„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე პრემიერ-მინისტრის მიერ, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ამომრჩევლის მიმართ წაყენებულ ულტიმატუმად აფასებს.

ბაქრაძის თქმით, ამორჩევლის თითოეული ხმა მოფრთხილებას იმსახურებს და ხმათა ნებისმიერი პროცენტი დასაფასებელია.

„მინდა მივმართო ამომრჩეველს, რომ ჩემთვის ძვირფასია თითოეული თქვენგანის ხმა და მე გავუფრთხილდები არა მხოლოდ მათ ხმებს, ვინც მხარი დამიჭირა, არამედ, იმათ ხმებსაც, ვინც მხარი არ დამიჭირა. საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის პრეზიდენტი უნდა იყოს,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ „პირველი არხის“ ეთერში პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გამართული პოლიტიკური დებატების დროს.

„პრაქტიკულად წარმოუდგენელია მეორე ტური. თეორიულად შესაძლებელია, რომ მეორე ტური შედგეს, მაშინ თეორიულად ისიც შეიძლება დავუშვათ, რომ მარგველაშვილიც ვერ გავიდეს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ შედგა მეორე ტური, მე პირადად ვურჩევდი მარგველაშვილს, რომ არ მიიღოს მონაწილეობა. …

მეორე ტური და ბაქრაძე თუ იქნება, ისევ სააკაშვილი და ტაშფანდურა გექნებათ… პრაქტიკულად, შეუძლებელია მეორე ტური. 60%-ზე ნაკლები რომ მიიღოს გიორგიმ, ესეც შეურაცხმყოფელი იქნება ჩემთვის და რომ მინდა 20 წელი მთელი ჩემი შესაძლებლობები ჩემს ქვეყანას მოვახმარო, თუ 60%-ზე ნაკლები მიიღო გიორგიმ, მარგველაშვილმა, პირველივე ტურში, მე ჩემს საქმეს გავაკეთებ, მაგრამ ცოტა, ენთუზიაზმი დაბალი მექნება.

50% პლუს ერთი არ იქნება იგივე ჩემთვის, რაც რეალისტურია – 60%-ზე მეტი ხმები უნდა მოგროვდეს დღეს საზოგადოების იმ ნაწილისგან, რომელიც მხარს გვიჭერს და გაგებით ეკიდება ჩვენს ყველა ქმედებას. …ნათქვამია, როგორიც ბერი, ისეთი მრევლიო. ჩვენი მრევლი არის ჩვენი საზოგადოება. თუ ისევ სურვილი აქვთ ის მიიღონ, რაც ჰქონდათ, ამაში ხელს არ შევუშლი და ღია კარის მტვრევას არ ვაპირებ. გიორგის სანაცვლოდ არ ვიტყვი არაფერს, მაგრამ მე ვიცნობ გიორგის საკმაოდ და ჩემი რჩევაც კი არ დასჭირდება გიორგის მეორე ტურის შემთხვევაში. მე ვფიქრობ, საზოგადოებას აქვს მზაობა და მეორე ტურს არ დაუშვებს… არ მჯერა ამის, და თუ ეს ასეა, მე სხვა არჩევანი არ მექნება.“-განაცხადა პრემიერმა რამდენიმე დღის წინ.

კომენტარები